ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით პარტიის წინადადებები გააცნო.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ კუბლაშვილმა აღნიშნა, არასამთავრობების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება მაჟორიტარულ არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების მონაწილეობისა და მსჯავრდებულებისთვის ხმის მიცემის უფლების საკითხებს დაეთმო.
"ის წინადადებები, რომელიც ჩვენი მხრიდან იყო დაყენებული, შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, იმ რეკომენდაციებს, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებს ჰქონდათ", - აღნიშნა კუბლაშვილმა.
მისი თქმით, არასამთარობო ორგანიზაციებმა რამდენიმე რეკომენდაციაც მისცეს, რომლის განხილვისთვის "ნაციონალური მოძრაობა" მზად არის.
რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებებს, მათ მიაჩნიათ, რომ მმართველი გუნდის წინადადებები "ძალიან რბილი და ლიბერალურია".
შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით სამი წინადადებით გამოდის, კერძოდ - მაჟორიტარულ არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების მონაწილეობის, ნაკლებად მძიმე დანაშაულის მქონე მსჯავრდებულებისთვის ხმის მიცემის უფლების მინიჭებითა და თბილისში ბიომეტრიული სიებით არჩევნების ჩატარებით.