18 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჯონ ბასი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა მინისტრი ანდრია ურუშაძე და აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე ენდრიუ ვებერი თბილისში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალურ რეფერალურ ლაბორატორიას გახსნიან. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია აშშ-ისა და საქართველოს მთავრობათა პარტნიორობით შეიქმნა. თანამედროვე ლაბორატორია მოსახლეობასა და ცხოველებში
განსაკუთრებით საშიში ინფექციების აღმოსაჩენად, აგრეთვე ეპიდემიური ზედამხედველობისა და სამეცნიერო კვლევებისთვისაა განკუთვნილი. ლაბორატორიის მუშაობა დიდ სარგებელს მოუტანს საქართველოს, კავკასიისა და მსოფლიოს თანამეგობრობას.
ერთობლივი პროექტის განხორციელება 2006 წელს დაიწყო. სამშენებლო სამუშაო 2009 წლის დეკემბერში დასრულდა. ლაბორატორია სრული დატვირთვით მუშაობას 2011 წლის მარტიდან შეუდგება. ლაბორატორიაში ქართველი და ამერიკელი ექიმები და მეცნიერები იმუშავებენ. ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის სახით, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექტორში 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
ერთობლივი ლაბორატორია აქტიურად ითანამშრომლებს ბანგკოკისა (ტაილანდი) და ნაირობის (კენია) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიებთან. პარტნიორ ლაბორატორიებს თავიანთ რეგიონებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის გააუმჯობესების საპატიო მისია აკისრიათ. კავკასიის რეგიონში ანალოგიური მისია თბილისის ცენტრალურ რეფერალურ ლაბორატორიას დაეკისრება. აშშ-ის მთავრობა თბილისის ლაბორატორიას საზოგადოებრივი და ცხოველთა ჯანდაცვის სფეროში გამოცდილ ტექნიკურ პერსონალს დაახმარს.