"როსპოტრებნადზორი" იაპონიის დედაქალაქიდან გამოფრენილ თვითმფრინავებს რადიაციულობაზე შეამოწმებს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშჩენკომ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ზომები ჯერ კიდევ დაწესებული არაა. "ამჯერად იაპონიიდან დაბრუნებული ყველა ავიალაინერის გასაკონტროლებლად მომამზადებელ სამუშაოებს ვატარებთ ",_აღნიშნა ონიშჩენკომ.
მისი თქმით, შემოწმება შეეხება იმ თვითმფრინავებს, რომლებიც ტოკიოდან მოსკოვსა და შორეულ აღმოსავლეთში გაფრინდებიან.
ამასთან, "როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელმა რუსეთის მოქალაქეებს ტოკიოსა და მისი მიმდებარე ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა. მანვე აღნიშნა, რომ რადიაციის ფონი რუსეთის ფედერაციის შორეულ აღმოსავლეთში საშუალო მრავალწლიან მაჩვენებელს შეესაბამება.
უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ევროპული ავიაკომპანიები იაპონიიდან დაბრუნებულ თვითმფრინავებს რადიოაქტიურობაზე ამოწმებდნენ. სი-ენ-ენის ცნობით, თვითმფრინავებს "ლუფტჰანზაც" ამოწმებდა.