იაპონიის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, ტოკიოში რადიაციის საფრთხე არ არსებობს. როგორც მთავრობა აცხადებს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს დატოვებისთვის არანაირი მიზეზი არ არსებობს. აღნიშნული განცხადების მიხედავად, რადიაციის გავრცელების საფრთხის გამო ტოკიოს დატოვების მსურველთა რაოდენობა დღითიდღე იმატებს.
"ფუკუსიმა-1"-ზე რადიაციის დონე არ ეცემა და ის კვლავ მაღალია. შესაბამის ინფორმაციას ატომური ელექტროსადგურის ოპერატორი Tokyo Electric Power Company ავრცელებს.
სადგურზე კვლავ საგანგებო მდგომარეობაა. ამ დრომდე ვერ ხერხდება რეაქტორების გაგრილების სისტემის ფუნქციონირების აღდგენა.
შეგახსენებთ, რომ 11 მარტს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზიანდა „ფუკუსიმა-1" და „ფუკუსიმა-2" ატომური ელექტროსადგურების რეაქტორები, რის შედეგადაც მოხდა რამდენიმე აფეთქება და რადიაციის გაჟონვა.
სტიქიების შედეგად დაღუპულთა შესახებ ოფიციალური მონაცემები კვლავ გაიზარდა.
ადგილობრივი პოლიციის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, ამჟამად დაღუპულად ითვლება 5 ათას 178 ადამიანი, ხოლო უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 8 ათას 606 ადამიანი.