საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში სენატორებს შეხვდა. ქვეყნის პირველი პირი თავდაპირველად სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიიღო, მოგვიანებით სააკაშვილი ჯოზეფ ლიბერმანს და ჯონ მაკკეინს შეხვდა, რომელიც რუსეთისადმი მკაცრი განცხადებებითაა ცნობილი. ორმხრივი შეხვედრების შემდეგ მხარეებს შორის გაფართოებული შეხვედრაც გაიმართა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯონ მაკკეინმა ჟურნალისტებს განაცხადა, საქართველოს უნდა ჰქონდეს თავდაცვითი იარაღი და მისი მიზანია, რომ ამას მიაღწიოს.
"ბევრი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდება. ეს იმისთვისაა აუცილებელი, რომ საქართველოს ჰქონდეს თავდაცვის საშუალება მომავალში რუსეთის თავდასხმის მოსაგერიებლად და მის მიერ საქართველოს ტერიტორიის ხელყოფის შესაკავებლად. ჩემი და რამდენიმე ადამიანის პრიორიტეტია შეერთებული შტატების მთავრობა დავარწმუნოთ, რომ საქართველოს ჰქონდეს თავდაცვითი იარაღი", - აღნიშნა მაკკეინმა.
ამასთან, მან საქართველოს მიერ წარმატებულ რეფორმებზეც ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება ეკონომიკურ მიღწევებზე გაამახვილა.
"ვისაუბრეთ ეკონომიკურ განვითარებაზეც. საქართველო გულწრფელად იმსახურებს ქებას შესანიშნავი ეკონომიკური განვითარებისთვის, რომელსაც მან დემოკრატიული წინსვლის გზაზე მიაღწია", - დასძინა მაკკეინმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეერთებულ შტატებში უკვე ერთი კვირაა იმყოფება.