ქართული მხარე ნატოს დღევანდელ მინისტერიალზე საქართველოსადმი მხარდამჭერი კომუნიკეს მიღებას ელოდება.
როგორც ბრიუსელში დაგეგმილ მინისტერიალზე კომენტირებისას ჟურნალისტებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ განუცხადა, კომუნიკეში საბოლოოდ იქნება დადასტურებული ნატოში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით ალიანსის ურყევი პოზიცია.
"ეს კომინიკე იქნება ერთგულება ბუქარესტის სამიტზე მიღებული იმ გადაწყვეტილებისა, რომლის მიხედვითაც, საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდება", - განაცხადა ბარამიძემ.
მისივე განმარტებით, რუსეთმა ვერ შესძლო საერთაშორისო საზოგადოების დაშინება და იმის მიღწევა, რომ მას უკან გაეწვია საქართველოსთან დაკავშირებით ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება.
"რუსეთმა ამას ვერ მიაღწია, ისე როგორც ვერ მოახერხა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის შეჩერება, რა მიზნითაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ინტერვენცია და აგრესია განახორციელა", - განმარტა ბარამიძემ.
ამასთან, საქართველოს ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია რეფორმების გაგრძელებაზეა დამოკიდებული, რისი შეუქცევადობისთვისაც საქართველოს ნატო-საქართველოს კომისიისა და წლიური სამოქმედო გეგმის სახით საკმარისი ინსტრუმენტები გააჩნია.