სარეველები მომრავლდნენ ამ ცის ქვეშეთში!.. სარეველები...
თითქოს მგლის ქონით გადაპოხეს მთელი ქვეყანა...
და ამ გაპოხილ და მგლის ქონით გადაგლესილ ქართულ მიწაზე არავის ესმის "ხმელი წიფლის" და არც იმ კაცის - "ადამიანის სულის სიმაღლე ფესვებიდან იზომებაო" - პირველმა რომ თქვა(!)
ჯვარცმულ მიწაზე ეშმაკ-ქაჯებმა დაიდეს ბინა, დაჰკრეს ნაღარა, შეკრეს "კამარა" და ჩამოხსნეს ეკლესიის გუმბათს ზარები...
"ესენი" თამაშობენ "პატრიოტობანას" და ქვეყანასაც ამ თამაშს სთავაზობენ. "ამათ" რომ ჰკითხო მთელმა ერმა უნდა "დაიხუჭოს" "მაგათ" საამებლად. ამასობაში "თვალდახუჭულებს" რამე ფასეულს აგვაწაპნიან და თვალგახელილებს "გულწრფელ" "ჭიტას" შეგვაგებებენ...
სულ ესაა მათი "სახელისუფლებო" პოლიტიკა.
თუ რომელიმე ჩვენგანს ღმერთი გაგვიწყრა და დროზე "ადრე" ვცადეთ თუნდაც ცალი თვალის "გახელა", ყველაზე ცუდ შემთხვევაში ადგილზე ლიკვიდაცია, საუკეთესო შემთხვევაში კი - სამუდამო პატიმრობა და სახელმწიფო ღალატში "მხილება" გველის(!)
ასეთია "თამაშის" წესები, "მათ" არც "ნიჩურიტი" იციან, არც "სტუკა", არც "ვაიმე დედა" და "დედას გეფიცები" ხომ არ იციან და არ იციან...
დოქსოპულოსი არ იყოს, ამდენი მაწყევარ-მაგინებლის ხელში იქნებ აღარც კი ჰყავთ დედები და, რომც ჰყავდეთ და დაიფიცონ, ვინ დაუჯერებს რო(?)
ჩვენ კი, თუ გვინდა, რომ ჩვენი თავი ღმერთმა ჩვენსავე დედებს დღეგრძელი უმყოფოთ, სხვა გზა არ გვაქვს - "პატრიოტობანას" თამაშში მორჩილად უნდა ჩავებათ და ცრუ პატრიოტებს ასევე მორჩილა დავუკრათ ტაში(!)
ამ ცრუ პატრიოტობანას "თამაშისა" და თამაშით აშენებულ ქვეყანას კი, რასაკვირველია, არც "ფესვები" გააჩნია და არც "საძირკველი"...
ამ "თამაშს" არც დიდი განსწავლულობა სჭირდება და არც დიდი სულიერება. პირიქით, ერთმაც და მეორემაც შესაძლოა მხოლოდ ხელი შეგიშალოს. რაც უფრო უგნური, უვიცი და უგულო იქნები, მით უფრო დიდი შანსი გაქვს - "არადნიდან" "არჩევანში" გადაინაცვლო...
მერე კი უკვე მხოლოდ ისღა დაგრჩება გადასაწყვეტი - ნიღბით ივლი, თუ უნიღბოდ(!)
* * *
"ისინი" მოვიდნენ, რა თქმა უნდა, ნიღბებთან ერთად...
"მათ" ნიღბებს ჰქონდათ შავი ფონი და წითელ ლენტად შემოვლებული ვარდების კონა...
ჰქონდათ ვარდები სათვალთვალოდ ამოჭრილი ორი ხვრელიდან და პირის ნაცვლად ისევ ვარდი ჰქონდათ გაჩრილი...
"მათ" ნიღბებს ჰქონდათ ვარდის თასმა და ყულფიც ვარდის, სახრჩობელებიც ვარდის იყო და კუბოებსაც ისე აყარეს კონა ვარდები, რომ მკვლელთა ნიღბებს ერთი ვარდიც არ დაჰკლებია...
"თამაში" უღრან ტყეში , მთვარიანში გასვლითა და "ფესვების" ჭრით დაიწყო... ფესვებამდე - ტოტები იყო, ტოტამდე - ყლორტი და "ხეზე ასვლის" გაკვეთილები... "მათ" ეს "თამაში" ვიღაცამ ასწავლა... იმ "ვიღაცას" კიდევ "ვიღაცამ"....
პირველი "მასწავლებელი", ალბათ კაენი იყო(!)
პირველი "მსხვერპლპლი", ალბათ აბელი(!)
მას შემდეგ ამ "თამაშს" უამრავი უხილავი და ხილული მსხვერპლი ჰყავს...
"სახელისუფლებო თამაშობებს" თავისი ტრადიცია აქვთ... როცა "დიდი მეტყევე" უხილავი ცულით ჭრის საკუთარი ერის ფესვებს, "პატარა ტყისმჭრელები", ხელი-ხელ ჩაკიდებულები წრეს კრავენ და "ოპ ზილინა, ზილინას "ძახილით ჭინკებივით უვლიან გარს...
მერე, როცა წამოიჩიტებიან, წამოიზრდებიან და "უხილავი ცულის" ჭერას თავადც შესძლებენ, იმ "დიდ მეტყევეს" დამსახურებულ პენსიაზე უშვებენ და "ტყის მჭრელის" "მემკვიდრეობას" თავად იბარებენ(!)
* * *
მასკარადებმა "ტყის სცენიდან" ქუჩაში გადაინაცვლეს, ქუჩიდან - სახლში, და სახლიდან - პოლიტიკაში...
ავანსცენაზე დარჩა მხოლოდ ვარდის სურნელი, ლპობაშეყრილი და "ნავარდალივით" გასრესილი ხელისუფლების...
ავანსცენაზე დარჩა მხოლოდ ჭინკების ხროვა, დამსხვრეული და ყავლგასული ნიღბების გროვა, ხმელი "ფესვების" ნანაცრალზე მიმობნეული...
დარჩა სურვილი ხელახალი მასკარადების, ახალი ნიღბით, და ახალი "ტყე-ქვის მჭრელებით" ...
აღარსად იყო ლირიკა და "სილაში ვარდი"...
იყო პირიქით - ვარდი ქუჩაში, ვარდი სახლში ,ვარდი ხელში, ან სულაც თმაში...
"მკვდარი" ვარდების სასაფლაოდ გადაიქცა მთელი ქვეყანა და,
ლამის იყო ეკლესიის გუმბათსებსაც დაკიდეს ვარდი, ხოლო ფრესკები ჟოლოსფერად გააფერადეს(!)
არავინ ფიქრობს იმაზე, ჟღალი ფერებით შეღებილი კედლების მიღმა რა ხდება... ვინ როგორ ცხოვრობს, ვის რა სტკივა, ან უხარია...
არავინ ფიქრობს იმაზე, თუ რამდენად მუქ ფერებში ხედავენ ადამიანები საკუთარ ქვეყენასა და საკუთარ ცხოვრებას, მაშინ როცა მათი სახლის ფასადები ბებერი მეძავის დაჭმუჭნულ სახეზე გადასმული ფერუმარილივით გულისამრევად ბრდღვიალებს...
არავინ ფიქრობს იმაზე, თუ რა შედეგამდე მიჰყავს ადამიანები ბილბორდებითა და ფერადი ვიტრინებით განათებულ ქუჩებში მაწანწალა ძაღლებივით სიარულსა და გამუდმებით ნერწყვის ყლაპვას...
არავინ ფიქრობს, რადგან ფიქრისა და განჯისათვის არავის სცალია...
ამ "სახელისუფლებო თამაშებში" აკრძალულია ფესვებზე, გენეტიკაზე და რწმენაზე ფიქრი(!)
თუ ვინმე იტყვის "ფესვები მტკივაო", შეშლილად შერაცხავენ და "შეახსენებენ", რომ ადამიანის ანატომია "ფესვების" არსებობას არ სცნობს...
თუ ვინმე იტყვის "გენი მტკივაო", არც მას ასცდება გიჟის ხალათი, რადგან მედიცინას გაცილებით იოლად სჯერა კუჭისა და კბილის ტკივილის...
თუ ვინმე იტყვის "დამაყენეთ ჩემს რწმენაზეო", "მერე ვინ გიშლისო" - უტიფრად ეტყვიან და სწორედ იმ "უჩინარი" ხელითა და ცულით კიდევ ერთ "ფესვს" მოჭრიან და ცეცხლს მისცემენ, "მეტასტაზები" უფრო შორს რომ არ გაუვიდეს...
"ჩვენ" ჩვენს "ფესვებს" ვებღაუჭებით, "ისინი" - თავიანთ "თამაშის" წესებს...
"ჩვენ" წინაპართა ძვლებზე აშენებულ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება, "იმათ" - სადაც სახელისუფლებო "კარავს" უკეთ დასცემენ....
"ჩვენ" ჩვენი გენის "დინებას" მივყვებით , "იმათ" გადამთიელთა ქარი აძლევთ "მიმართულებას"....
ამიტომაც გავიყავით ორ ბანაკად, ორ მტრულ ბანაკად : ხელისუფლებად და საზოგადოებად....
გაღმით "ჩვენ" ვართ - ქართველი ერი, დამშეული, შეციებული, პატივაყრილი და ღირსებაშელახული...
გამოღმით "ისინი" არიან - გაზულუქებულნი, ნაპატიევნი, განცხრომასა და ფუფუნებაში მყოფნი...
ჩვენს შორის წელებია რაც ეს ხილული და უხილავი "ბრძოლა" მიმდინარეობს, მაგრამ ამ "ბრძოლასაც" თამაში ჰქვია...
* * *
"პოლიტიკური" სოვდაგრებით გადაივსო მთელი ქვეყანა...
"პოლიტიკური" სოვდაგრებით, წვრილ-ვაჭრებით, მევახშეებით...
მათი სამშობლო "სამიკიტნოა" - ყუათიანი სალაფავით და მუქთა პურით... მათი მამული "სამფლობელოა", სადაც კანონი მოძღვრის წვერით თრევასაც ბრძანებს, და თუ მავანი მოისურვებს ეკლესიას "ყადაღას" ადებს(!)
მათი სამშობლო მინდორია, სად ძალადობა აღმართსაც კი "ხნავს"... სადაც ვარდები ყვავიან და უმალ "კვდებიან"... სადაც ვარდ-ბულბულს, ვით მათ "ტრფობას", ლპობაშეყრილი პოლიტიკის სურნელი ასდის...
მათი სამშობლო "სარკოფაგია", სადაც მკვდრებით სარფიანად ისე ვაჭრობენ, რომ სიცოცხლემაც დაკარგა ფასი...
და იზომება კალორიებით "პური არსობის" ჩვენს წილ მიწაზე იმათი ხელით, ვინც არ იცის რაა შიმშილი...
ვინც არ იცის და არც სურს იცოდეს, რომ კაცთა მოდგმას ცხოველისგან ანსხვავებს "რაღაც", თუნდაც მცირედი...
ვინც არ იცის, რა არის დაღლა და ვაზთან ერთად, ვაზის ძირას ჩუმი ტირილი...
ვინც არ იცის, რაა მამული , ან მისი მადლი...
ვინც არ იცის რაა ტკივილი სულის, სხეულის და თუნდაც იმის ფესვებგადაჭრილ კუნძს რომ ჰგავხარ და იმას დარდობ...
ვინც არ იცის მუმლ დახვეულ მუხის ფიქრები და არაფრი გაეგება ყორემორღვეულ ნასაყრდრალის გლოვა-გოდების...
სწორედ ისინი "გვიზომავენ" დღეს პურს და მიწას, ვისთვისაც პური პურია და მიწა კი - მიწა და, სტომაქს იქეთ არც პურისთვის და არც მიწისთვის, სხვა "საზომი" არ გააჩნიათ...
და "იზომება" კალორიებით პური არსობის დღეს ჩვენს მიწაზე "იმათი" ხელით, ვინც არ იცის რაა შიმშილი - სულის და ხორცის!...
ვინც არ იცის რაა დაღლა, რაა ტკივილი, რა არის ჯაფა და რას გრძნობენ შრომისაგან დაკოჟრილი ხელის მტევნები, როცა ბეღელი ცარიელია...
ისე ვით ვარცლი, ერთი იჯრა ფეტვის ამარა დარჩენილი - დამშეული დედაბრის არა, დამშეული ერის წინაშე!...
* * *
ყველყველაფერი ცრუ და ამაო გამოდგა მათში...
ყველაფერი "პირობითია" მათ ცისქვეშეთში!.. პირობითაია ვარდიცა და ოცდაათ ვერცხლზე გაყიდულიც და გამყიდველიც...
ყველაფერი "სიმბოლურია" მათ ქმედებაში!.. როგორც ოცდაათ ვერცხლად გაყიდული სულის სანაცვლოდ მიღებული მილიონები, მილიარდები, ან უფრო მეტიც...
სხვის "გაყიდვამდე" თავი უნდა გაყიდო ალბათ!..
გაყიდეს კიდეც, რაც უღირდათ ღმერთიც და ერიც... ცალ-ცალკეც და ორივე ერთად...
"ომობანას თამაშით" დავკარგეთ ზემო აფხაზეთი და სამაჩაბლოს ორასამდე სოფელი....
"სახლობანას თამაშით" დავკარგეთ დედაკაცისა და მამაკაცის მცნება....
"დემოკრატიულობანას თამაშით" დავკარგეთ თაობათა აღზრდის კულტურა და მისია....
"დაჭირობანს თამაშით" დავკარგეთ სამართალიცა და სანთელ-საკმეველით განათებული გზაც....
ეხლა "დახუჭობანას ვთამაშობთ"!!!
ასეთია, სახელისუფლებო "თამაშების" განრიგი და ხელისუფლების ნება...
მაგრამ არის "რაღაც" ისეთი, რასაც თვალდახუჭული კი არა, თვალებ დაშანთულიც ცხადლივ გრძნობს ადამიანი.... ამ "რაღაცას" ფესვები ქვია...
არის კიდევ "რაღაც", ჩემი და თქვენი პატარა საიდუმლო, პატარა ფილოსოფია, ლირიკა და პროზა - ფესვების "სიბრძნე" :
უშიშარ ადამიანებს ღმერთის გარდა ამ ქვეყნად არაფრის ეშინიათ!...
მშიშრებს კი - ყველაფერი აშინებთ, უფლის სამართლისა და სამშობლოს დაკარგის გარდა!..
სამშობლოს მონობა ყველა დეკლარირებულ თავისუფლებაზე მაღლა დგას და, ჩვენი სულისა და სხეულის თავისუფლება სწორედ იქ სრულდება, სადაც თავს "ვითავისუფლებთ" სამშობლოს სიყვარულისაგან!!!
* * *
სარეველები მომრავლდნენ ამ ცის ქვეშეთში!.. სარეველები...
თითქოს მგლის ქონით გადაპოხეს მთელი ქვეყანა...
და ამ გაპოხილ და მგლის ქონით გადაგლესილ ქართულ მიწაზე არავის ესმის "ხმელი წიფლის" და არც იმ კაცის - "ადამიანის სულის სიმაღლე ფესვებიდან იზომებაო" - პირველმა რომ თქვა(!)
ჯვარცმულ მიწაზე ეშმაკ-ქაჯებმა დაიდეს ბინა, დაჰკრეს ნაღარა, შეკრეს კამარა და ჩამოხსნეს ეკლესიის გუმბათს ზარები...
მაგრამ ფესვები?!.
ჩვენ გვაქვს ფესვები, ღრმად გადგმული მიწის წიაღში... მიწას მადლი აქვს, მიწას განძი აქვს, მიწა თბილია, მიწა გვინახავს...
და ამ მიწაში გადგმული გვაქვს ვისაც ფესვები, უნდა გადავრჩეთ!...
რადგან მიწაზე ისევ მიწის მადლი გვატარებს....
რადგან ზეცაშიც მიწის "გავლით" მივდივართ მხოლოდ...
და თუ ეს მიწა დღეს გაპოხეს მგლებმა მგლის ქონით, და თუ ამ მიწას მოეძალნენ სარეველები, თუკი ამ მიწას დააფარეს შავი სუდარა - უნდა გადავრჩეთ!....
ჩვენ გადავურჩით, ჩვენ გადავრჩებით, რადგან ამ ქვეყნად ჩვენ გვაქვს ფესვები, ღრმად გადგმული ქართულ მიწაში!...
"ჯი-ეიჩ-ენი", ელგა ფოლადიშვილი