ასეთი "ბრძოლა" მხოლოდ ჩვენ ვიცით... მხოლოდ ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს "ბრძოლა" სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, წვეთი სისხლის დაღვრი გარეშე!..
მხოლოდ ჩვენ ვიცით, როგორ უნდა "შეაკვდეთ" დისტანციიდან!
როცა "შემკვდომი" "შესაკვდომს" ერთი მეტრის რადიუსითაც ვერ უახლოვდება, და რომც მიუახლოვდეს, სახელდახელოდ გაიშლება მოლაპარაკების მაგიდა, თვით საკურთხეველშიც კი - როგორც ბრძოლის იარაღი, როგორც ბრძოლის არენა...
ჩვენ ძირითადად "ვაკვდებით" მოლაპარაკების მაგიდებით, სავარძლებითა და სკამით... რადგან "ბრძოლის"იარაღადაც იმას ვირჩევთ, რაც გვინდა მივიღოთ ბრძოლის "შედეგად"!..
ეს მხოლოდ ჩვენ ვიცით, როგორ უნდა "შეაკვდე", მაშინ, როცა მოწინააღმდეგეს კი არა, მაქსიმუმი რისი თავიც გაქვს, ეს საკუთარ ნერვებზე "შესკდომაა" და ასკდები კიდეც...შედეგად იღებ ტაშს, ხალხის სიყვარულსა და გმირის მანტიას... და, თუ მართლა დაგიჯერა ხალხმა, და თუ მართლა დადგა ჟამი ბრძოლისა, დადგა ჟამი "ქვების სროლისა" და "შეკვდომისა" განაცხადებ, რომ შენ მხოლოდ "ქვების შეგროვება" და საკუთარ ნერვებზე "შესკდომა" შეგიძლია და სხვა არაფრი... თავს გაიმართლებ მართმადიდებლური კაცთმოყვარეობითა და დემოკრატიული ტოლერანტობით(!)
და მერე, იმ "შეგროვილი" ქვებიდან ერთი კეჭი მაინც თუ მოგხვდა, იმ "ქვების გროვიდან" აქეთ რომ აგროვებინებდი ხალხს სხვისთვის სასროლად, გაბრაზდები!.. გაბრაზდები არა საკუთარ თავზე, არამდე ხალხზე!..
იმავე ხალხს შეგიძლია გაებუტო კიდეც, "საკანში" ჩაჯდე ან, სახლში წახვიდე ხალხის "უმადურობით" გულნატკენი და დაგავიწყდეს, რომ ქვებს "სროლა" ქვების "შეგროვების" ლოგიკური შედეგია!.. დაგავიწყდეს, რომ ბუნებაში "უკვალოდ" არაფერი იკარგება და იმავე ბუნებაში არსებობს "ბუმერანგის პრინციპიც"!
ეს მხოლოდ ჩვენ ვიცით, თუ როგორ უნდა "მოვიდეთ", მაშინ როცა ერთ ადგილს ვტკეპნით და როგორ უნდა გამოვაცხადოთ, რომ უკვე "მოვედით", როცა არათუ "გზაში", გზაზეც კი არ დავმდგარვართ!..
***
ეს ჩვენ ვიცით, რომ ყველაზე დიდმა მძინარა თათქარიძეებმა უნდა "გააღვიძონ" მძინარე თათქარიძეები!!! ეს ჩვენ ვიცით, რომ "ისტორიის გაკვეთილები" ყველაზე საამური სასმენია ყურისთვის და არა გონებითვის!.. რადგან გონების "სიზარმაცეს" ყურების "დაცქვეტით" ვაბალანსებთ!..
ეს ჩვენ ვიცით, რომ "ბრძოლის" წინ "ძმაო" "ძამიკოთი" და "ძამიათი" უნდა შევცვალოთ! და როდესაც დედაქალქი მზად იქნება "ბრძოლაში" გამოგყვეს, როცა ასიათასი თბილისელი გაგიმაგრებს ზურგს, სწორედ იმ "ზურგიდან" ისე, როგორც უკანა კარიდან, უნდა გაიპარო... გაიპარო, მაგრამ მაინც "გაბღენძილმა" განაცხადო, რომ "ბალანსი" დარღვეულია და ამ ასიათას თბილისელს ერთი აფრასინე აკლია ოფშხვითიდან, ორი კოწია შორაპნიდან და სამი მიტუა მუკუზანიდან და ველისციხიდან, კაცნახევარს პლიუს კაცნახევრი ჯამში!...
ეს მხოლოდ ჩვენ ვიცით ხვალ დილამდე "მოცდა" და ზეგიდან პასუხისმგებლობის მოხსნა!..
ვიცით, არმაგედონივით ტრიბუნებთან ხელაწეული სიარულიც, თუნდაც იმიტომ, რომ ისტორია მხოლოდ იმისთვის არ წაგვიკითხავს სხვებს რომ ვასწავლოთ!.. ჯანდაბას, თუ სოფლისკენ მიმავალი ბოლო ავტობუსი გაგვასწრებს, დედაქალაქში სტადიონია გადაჭედილი და აფრასინემ, მიტუამ და კოწიამ, სადაც ამდენ ხანს მოიცადეს, ეს ერთი დღეც მოიცადონ "უფასო"ისტორიის გაკვეთილებამდე...
***
ეს მხოლოდ ჩვენ ვიცით, მამა ღირსეული თუ არა, "ცნობადი" მაინც თუ გყავდა, ხელიც რომ არ გაანძრიო შენც ცნობადი და ღირსეული ხარ მაინც!..
შეგიძლია კი არა, აუცილებელიც კია ჩამოაყალიბო "ვისოვიჩების" პარტია... და მერე მამის "აჩრდილს" ამოფარებულმა იცხოვრო მთელი ცხოვრება და მუდმივად ტაში და რევერანსი მოითხოვო ხალხისგან!
შეგიძლია მამადავითიც "დაიპრივატო", მამის ჩრდილიც და მამის მეგობრისაც...შეგიძლია ომში დაღუპული ყველა მეომრის შვილის უფლებითა და პატივით შენ ერთმა ისარგებლო, იმიტომ რომ მათი მამებიც ისეთივე "რიგითები" იყვნენ, როგორც შვილები...შენ კი ცნობადი ხარ და მამაც ცნობადი გყავდა...
ეს მხოლოდ ჩვენ ვიცით, როგორ გადავაბრალოთ სხვებს დამარცხება და როგორ მივიწეროთ სხვისი გამარჯვებები!..
***
ეს მხოლოდ ჩვენ ვიცით, იმიტომ რომ ჩვენ ქართველები ვართ!..იმიტომ, რომ ვართ მსახიობები, მოთამაშეები, ფარისევლები, მოღალატეები, მკვლელები და მეძავები...მაგრამ ვართ მართმადიდებლებიც და საქმე საქმეზე რომ მიდგება, ვაცხადებთ, რომ პატრიარქის კურთხევის გარეშე "ნაბიჯს" არ გადავდგამთ(!)
მართალია მანამდე, სულ რამდენიმე წუთის წინ, გადაჭედილ სტადიონზე, მიშა სატანად შევრაცხეთ, დედაც არაერთხელ ვაგინეთ, და "ააცვი, ააცვიც" ვუძახეთ, მაგრამ მერე "ბრძოლის" წინ, ბოროტი ზრახვებისა და ბილწსიტყვიერების მოსანანიებლად კი არა, თურმე ბრძოლის საკურთხევლად მივაშურეთ ტაძარს...
საინტერესოა ვის ჰქონდა იმის ილუზია, რომ პატრიარქი, რომელიც ქრისტეს სწავლებათ ქადაგებს:"გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი და გიყვარდეს მტერი შენი, ვითარცა მოყვასი შენი" იმ დღეს "მიშას აცმის, შეკვდომისა და დედის გინებისაკენ" მოგვიწოდებდა, ან ამის კურთხევას მოგვცემდა???
საინტერესოა, თუ პატრიარქის კურთხევის გარეშე ქმედება მიუღებელი იყო, მაშინ იმ სიტყვებს რატომღა ამბობდნენ, იმავე პატრიარქის კურთხევითა თუ კურთხევის გარეშე, რომელმაც ხალხი საყოველთაო დაუმორჩილებლობამდე, საკუთარი მთავრობის უკიდურეს სიძულვილამდე და სახალხო აჯანყებამდე მიიყვანა???
საინტერესოა, რაზე საუბრობდნენ, ან რის კურთხევსა აძლევდა პატრიარქი ოპოზიციის ლიდერებს 9 აპრილამდე და მას შემდეგ ვიზიტებზეც?.. თავად "უცნობიც" ხომ სწორედ უწმინდესის ლოცვა-კურთხევით გაემგზავრა რეგიონებში "ლაშქარის" შესაკრებად?..
მაინც რა უნდა გაეკეთებინა ამ "ლაშქარს" დედაქალაქში ან ბერის და ან ერის აზრით? ფრაკებში გამოწყობილებს შამპანიურის "ბოკალით" უნდა შეესვათ 26 მაისის სადრეგრძელო დიპ-კორპუსისითვის გამართულ "ფუშეტზე", თუ ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში "გედების ტბა" უნდა ენახათ???
უგულავა სულაც რომ არ მისულიყო იმ დღეს სამებაში ამით შედეგი, რომელმაც ხალხი ლამის გონებიდან გადაიყვანა, რამით შეიცვლებოდა?.. ჩვენ ხომ გვახსოვს 7 ნოემბერი...გვახსოვს სააკაშვილის მეორე ინაგურაციაც და გვახსოვს ახალი პარლამენტის საზეიმოდ გახსნაც... მაშ რატომ გვეგონა რომ ამჯერად პატრიარქი თუნდაც სამართლიანად "ამბოხებულთა" მხარეს დადგებოდა, როგორც მხარე?..
იქნებ, სწორედ იმისთვის მიიყვანეს ხალხი სამებაში, ლიდერებს საკუთარი უსუსურობა რელიგიური მორჩილებით რომ შეენიღბათ, და პატრიარქის ქადაგებას კი არა, მის კალთას ამოფარებოდნენ, ხალხის რისხვის მოლოდინში?
მაგრამ რა მივიღეთ შედეგად? დისკრედიტირებული და დემორალიზებული ოპოზიცია და პლიუს უდიდესი ცოდვა - სასოწარკვეთილი ხალხი და პატრიარქის ირგვლივ გაჩენილი ეჭვები და კითხვის ნიშნები!..
მორჩილება მონობას და ტყუილში ცხოვრებას ნამდვილად არ უნდა ნიშნავდეს, მაპატიოს ღმერთმაც და ერმაც ეს თამამი წადილი, მაგრამ მე(და არამარტო მე) მაინტერესებს და მინდა მქონდეს პასუხი კითხვებზე, როგორც მართმადიდებელს, როგორც ქართველს და როგორც მოქალაქეს: ვინ ვის ატყუებს და ვინ ვის ატყვევებს?
პ.ს.
ეს მხოლოდ ჩვენ, ქართველებს შეგვიძლია, ვისაუბროთ იმაზე, რომ სისხლის დაღვრა არ შეგვიძლია, ვისაუბროთ მას შემდეგ, რაც ორ ახალგაზრდას თვალებს დასთხრიან! თვალიდან ჩინის დაკარგვა და სისხლის დაღვრა სისხლი არაა, თუ სათვალავში არ ითვლება?!. ჩვენ შეგვეძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ თანამებრძოლის სიცოცხლეს მსხვერპლად ვერ გავიღებთ, როცა ამ "სამსხვერპლოზე", ჩვენივე კიჟინითა და ამაო დაპირებებით, მილიონამდე ადამიანის ნერვები, ჯამრთელობა და ფსიქიკა მივიტანეთ და ზვარაკად შევწირეთ... მილიონამდე ადამიანის იმედის "სიკვდილი" სიკვდილად არ ითველება მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანთა იმედს, სხეულისაგან განსხვავებით, კუბოში არ აწვენენ, პანაშვიდს არ უხდიან და არ ასაფლავებნ?
და ბოლოს, ეს მხოლოდ ჩვენ, ქართველებს შეგვიძლია, რომ ჩვენ ეროვნული დღესასწაული ასე ბედნიერი უბედურებით ვიზეიმოთ და დავიტიროთ!
მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ერთ დღეში კაცი გმირად ვაქციოთ, და იმავე დღეს ბოლოს იმ კაცისაგან გმირი კი არა, ტუსაღიღა შეგვრჩეს, ტუსაღი ტუსაღთა შორის!..
ეს ჩვენ შეგვიძლია ბრძოლა სისხლის ბოლო წვეთამდე, წვეთი სისხლის დაუღვრელად...
ჩვენ ვიცით "შეკვდომა" დისტანციიდან...
"ჯი-ეიჩ-ენი", ელგა ფოლადიშვილი