"გაერთიანებული ტელეკომი" აბონენტებს გადახდების ახალ, უფრო მარტივ და მოსახერხებელ გზას თავაზობს.
კომპანიასთან (სერვის-ცენტრში ან ცხელი ხაზის, 100-100 ის მეშვეობით), ხელშეკრულების გაფორმებისა და პაროლის მინიჭების შემდეგ, აბონენტი მიიღებს ინფორმაციას დავალიანების შესახებ პირადი ელექტრონული ფოსტით, ანუ ნებისმიერი პირი სახლიდან შეძლებს აკონტროლოს ყველა სერვისი, რომლითაც სარგებლობს. პაროლის გამოყენებით დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ასევე კომპანიის საიტზე წწწ.უტგ.გე. გახსნილია ანგარიშთა მართვის ველი "ჩემი ანგარიშიც", სადაც მომხმარებელი შეიტყობს დავალიანების ოდენობას და მიიღებს დეტალურ ინფორმაციას.
ამას გარდა, უკვე თითქმის ერთი წელია, მომხმარებლებს კომპანია სთავაზობს სერვის-ცენტრების ნაცვლად, სატელეფონო და ინტერნეტ გადასახადები ყოველგვარი საკომისიოს გარეშე გადაიხადონ კომერციულ ბანკებში („საქართველოს ბანკი", „თიბისი ბანკი", „ვითიბი ბანკი", „ბითიეი ბანკი", „კორსტანდარტ ბანკი", „ტაო ბანკი", „სახალხო ბანკი", „თბილბიზნესბანკი") და მაღაზიათა ქსელში - „მობი". დავალიანების დაფარვა ტერმინალების საშუალებითაც შესაძლებელია. 2010 წლის იანვრიდან ბანკების ნუსხას მიემატება ბანკი „რესპუბლიკა" და ბანკი „ქართუ".
აღნიშნულის გარდა, 2010 წლის 1 იანვრიდან კომპანიის გადაწყვეტილებით თბილისში არსებული 11 სერვის-ცენტრიდან რამდენიმე შეწყვეტს მუშაობას. ესენია: ვაკის სერვის ცენტრი, დიდუბის სერვის ცენტრი, დიღმის სერვის ცენტრი, ნაძალადევის სერვის ცენტრი და ვარკეთილის სერვის ცენტრი.
1 აპრილიდან მუშაობას შეწყვეტს ნუცუბიძის N 14-ში მდებარე საბურთალოს სერვის ცენტრიც. აბონენტებს, ვისაც გადასახდის დაფარვა სერვის-ცენტრში ურჩევნიათ, შეუძლიათ ისარგებლონ დარჩენილი 6 სერვისცენტრის მომსახურებით. დამატებით, ახალი წლიდან ამოქმედდება რუსთაველის გამზირზე ახალი სერვის ცენტრი, რომელიც რუსთაველის N37-ში განთავსდება.