დღეს, 2 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოში მყოფი ფერეიდნელი ქართველების დელეგაცია საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. 13:00 საათზე ისინი დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ იულონ გაგოშიძეს შეხვდებიან; 14:00 საათზე დაგეგმილია შეხვედრა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ქართული ხელნაწერების დათვალიერება; 15:30 საათზე _ შეხვედრა საქართველოში ირანის ელჩთან, მოჯთაბა დამირჩილუსთან; 16:00 საათზე იგეგმება შეხვედრა საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში; სპეციალური ექსპოზიციის დათვალიერება;
3 დეკემბერს, 13:00 საათზე, ფერეიდნელები გამართავენ შეხვედრას პარლამენტში, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნუგზარ წიკლაურთან; 15:00 საათზე დაგეგმილია შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, გია ხუბუასთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან; ასევე შეხვედრა ქართველ ირანისტებთან და საქართველოში მყოფ ფერეიდნელებთან.
4 დეკემბერს, 12:00 საათზე, დელეგაციის წევრები შეხვდებიან სოფლის მეურნეობის მინისტრს, ბაკურ კვეზერელს; 14:30 საათზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართულ-ირანული გამოფენას დაათვალიერებენ; ამავე დღეს დაგეგმილია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ექსპოზიციის დათვალიერება; შეხვედრა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან.
5 დეკემბერს ფერეიდნელები სოფელ მარტყოფის მოსახლეობას შეხვდებიან, შემდეგ კი კახეთს დაათვალიერებენ.
6 დეკემბერს დელეგაციის წევრები ქალაქ მცხეთას დათვალიერებენ.
7 დეკემბერს კი ბათუმში ჩავლენ, საიდანაც დელეგაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მათე ტაკიძე გააცილებს.
ფერეიდნელი ქართველების ოცკაციანი დელეგაცია საქართველოს 29 ნოებერს ესტუმრა. დელეგაციის ხელმძღვანელი არია ხოსრავია (ხოსროშვილი). ფერეიდნელ ქართველებს ბათუმში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის, განათლებისა და სპორტის მინისტრმა, მათე ტაკიძემ უმასპინძლა.