2-4 დეკემბერს, გოეთეს ინსტიტუტში, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში წელს პირველად მოეწყობა ინდუსტრიული სახის ღონისძიება "Pitch.DOC:: საქართველო, 2009".
პროექტი ითვალისწინებს განვითარების სტადიაში მყოფი დოკუმენტური კინოპროექტების წარდგენას შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა და მოლდავეთი. პროექტი დაიგეგმა ევროსაბჭოს კულტურული პროექტის "კიევის ინიციატივის" ფარგლებში.
პროექტის პარტნიორები არიან გოეთეს ინსტიტუტი, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, სასტუმრო "ვარაზი".
დოკუმენტური ფილმების პროექტებს შეაფასებს საერთაშორისო ჟიური, რომელიც გამოცდილი და წარმატებული დოკუმენტალისტებისა და საერთაშორისო ფონდების წარმომადგენლებისგან შედგება.
გამარჯვებული დოკუმენტური პროექტი მიიღებს 5.000 ევროს პროექტის განვითარებისთვის. ფულადი ჯილდო დაწესებულია გიოტებორგის ფესტივალის კინოფონდის მიერ. 2 და 3 დეკემბერს მონაწილეები გამოცდილ ტრენერთან ერთად პროექტის და პრეზენტაციის დახვეწაზე იმუშავებენ, 4 დეკემბერს კი პროექტების ოფიციალური წარდგენა მოხდება. ჩატარდება რამდენიმე საინტერესო ლექცია და შედგება 10 პროექტის ოფიციალური წარდგენა.