უკვე ორი წელია, ქართველები თავიანთი ქვეყნის მომავლისთვის ყოველდღიურად ქუჩებში გამოდიან, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს და ვიდეომიმართვას ავრცელებს.
"ყოველი პროტესტის უკან დგას პირადი მსხვერპლი, რთული არჩევანი და საქართველოსადმი განსაკუთრებული სიყვარული.
იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ.
ცვლილებები ადრე თუ გვიან აუცილებლად მოვა!", - ამბობს რასა იუკნევიჩიენე.
როგორც ევროპარლამენტარი ვიდეომიმართვასი ამბობს, ცვლილებებს დრო, მოთმინება, ერთიანობა და შეუპოვრობა სჭორდება.
"ძვირფასო ქართველო ხალხო! ორი წლის წინ, 28 ნოემბერს, ქუჩაში გამოხვედით თქვენი ევროპული მომავლის დასაცავად. მას შემდეგ არ გაჩერებულხართ. დღეს საქართველოში აქციაზე გასვლა ხალხს ძვირად უჯდება. ათასობით ადამიანი დაააკავეს და დააჯარიმეს მშვიდობიანი პროტესტის გამო. ასობით ადამიანს სცემეს, არასათანადოდ მოეპყრნენ. 150-ზე მეტი ადამიანი ციხეში აღმოჩნდა. პოლიტიკურ პატიმრებს: თქვენ ის ადამიანები ხართ, ვინც ქვეყნის მომავლის დასაცავად გამოვიდა და ამისთვის საკუთარი მომავლით გადაიხადეთ. ჩვენ ვიცით თქვენი სახელები. ჩვენ არ დაგივიწყებთ. საქართველოს თვითგამოცხადებული მთავრობა, შესაძლოა ამ სიტყვების გამო თავს დამესხას. შესაძლოა თქვან, რომ საქართველო ევროპაში მხოლოდ ცოტას ახსოვს. ეს ასე არ არის. ევროპა გიცნობთ. ევროპა ხედავს რაც ხდება და ევროპა თქვენ გვერდით დგას. ხალხი ქუჩაში იმიტომ გამოვიდა, რომ ე.წ. „ქართული ოცნება“ წლების განმავლობაში გატყუებდათ, თითქოს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიდიოდა. ასევე ტყუილია, როცა ამბობენ, რომ ევროკავშირი საქართველოს ომში ითრევს, ან რომ სხვა გზას რუსეთის შიშით ირჩევენ. მათ რუსეთის არ ეშინიათ. მათ ეშინიათ ევროკავშირისა და იმ თავისუფლებების, რომლებსაც ის თავის მოქალაქეებს ანიჭებს. თავისუფალი არჩევნები ყოველთვის რეჟიმის დასასრულს ნიშნავს. ასე მოხდა უნგრეთში, ასე მოხდა სერბეთში და მჯერა, ასე მოხდება საქართველოშიც. მაგრამ ცვლილება არ მოვა ბრიუსელიდან ან სტრასბურგიდან. ის საქართველოდან მოვა. ვიცი, რომ ძნელია. ამას დრო სჭირდება. ამას სჭირდება მოთმინება, ერთიანობა და შეუპოვრობა. მაგრამ ცვლილება ყოველთვის მოდის. იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ, საქართველო!“, - აცხადებს ევროპარლამენტარი.