რკინიგზის სადგურში განთავსებული საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი "თბილისი ცენტრალი" თებერვალში ამქომედდება. "თბილისი ცენტრალში" სარეაბილიტაციო სამუშაო უკვე დასრულებულია. ცენტრის გახნის ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს პირადად დაესწრო.
"ეს არის ერთ-ერთი პირველი თანამედროვე სავაჭრო ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდა. ეს შენობა წლების განმავლობაში სიცერიელესთან, სიბინძურესთან და უიმედობასთან იყო ასოცირებული. ახლა კი ამ შენობას "თი-ბი-სი" ბანკმა ახალი სული ჩაბერა და ყველაზე თანამედროვე შენობად აქცია", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი განმარტებით, მომავალ წელს კიდეც რამდენიმე სავაჭრო ცენტრის მშენებლობა დაიწყება, მოხდება უნივერმაღ "თბილისის" აღდგენა და "ამ კუთხით დედაქალაქი ძალას მოიკრებს".
"რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრამა გვაქვს განსახორციელებელი, მათ შორის ის, რომ თბილისს ჰქონდეს 24-საათიანი წყალმომარაგება და მოხდეს ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიების თავიდან აცილება", - განმარტა სააკაშვილმა, რომელმაც დედაქალაქში საცობების პრობლემაზედაც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს საკითხი ბოლო პერიოდში, მას შემდეგ, რაც გზებზე გამყოფი ხაზების გაკეთება და გადასასვლელი ხიდების დამონტაჟება მოხდა, შედარებით დარეგულირებულია.
"მომავალი წლის მაისიდან ვაკეში საცობების თემა დასრულებული იქნება", - დასძინა ქვეყნის პირველმა პირმა.
გარდა ამისა, სააკაშვილი ახალი გზების გაყვანის თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ მომავალ წელს დაიწყება ახალი პროექტის განხორციელება, რომლის მიხედვითაც, რკინიგზა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გადავა.
"ამასთან, მომავალი წლიდან ავტობანს შეუერთდება რუსთავიც, რომელიც ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ძალიან ვითარდება. ასევე ვმუშაობთ, რომ კოჯორი და ტაბახმელა თბილისს შემოვლითი გზით დაუკავშირდეს. გარდა ამისა, მიმდინარეობს მტკვრის მარცხენა სანაპიროს ინფრასტრუქტურის განახლება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
სააკაშვილის თქმით, თბილისში ასევე ხდება რკინიგზის მოდერნიზაცია, რომელიც აეროპორტს ძირითად უბნებთან დააკავშირებს. პრეზიდენტის განცხადებით, მომავალი წლიდან განახლდება მეტროსადგურების მშენებლბა და თბილისს კიდევ ორი მეტროსადგური დაემატება.