..ხვალ იყო ომი?!..
"ეს საქართველოს რესპუბლიკაა" - მასწავლებელი უზარმაზარ რუქაზე მცირე ფართობს დიდი სიზუსტით ხაზავს. საზღვრებს მიღმა რჩება ნიკოფსია და დარუბანდი... საზღვრებში აქცევს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს.
"ეს ჩვენი დედაქალაქია" - ამბობს და ჯოხს მთელი ძალით აბჯენს პატარა წერტილს. ჩვენ ვუსმენთ... გახამებული, თეთრი საყელოს ქვემოთ კომკავშირელის სამკერდე ნიშანი გვეკათია: არც ხუნდად, არც ლოდად, მხოლოდ ჩვევისა და ვალდებულების დონეზე. მთავარია, რომ ის ხელს არ გვიშლის - გულს "სწორება" ქართლის დედაზე ჰქონდეს.
ჩანთაში სსრკ-ს ისტორიის სახელმძღვანელოს გვერდით "ვეფხისტყაოსანს" ვდებთ. არც ისინი უშლიან ერთმანეთს ხელს. ისევე, როგორც სიყვარული და ვალდებულება, ერთმანეთისაგან გამიჯნული და ერთ არსებაში მოქცეული.
"თქვენ უკვე დამოუკიდებელი საქართველოს სრულწლოვანი და სრულუფლებიანი წევრები ხართ" - გვითხრეს და ბოლო ზარი დარეკეს. ჯერ კიდევ არ გვაქვს ახალი სახელმწიფო დროშა, არც ჰიმნი... ამიტომ "საქართველოო ლამაზოს" ვღიღინებთ და ერთმანეთს თეთრ წინსაფრებსა და პერენგებზე დიდი ასოებით ვაწერთ - გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!..
მერე დგება გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის "ლოგიკური" შედეგი:
ტანკები ქუჩებში, ცარიელი ქუჩები, დევნილებით სავსე ქუჩები...
თბილისის ომი. სოხუმის დაცემა. სამაჩაბლოს დაკარგვა.
მერაბ კოსტავას ავტოკატასტროფა. ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობა. შევარდნაძის "მეორედ" მოსვლა და "აღქმულ ქვეყანაში" ცხოვრების პირობა.
იყო მითი და რეალობა... და საზოგადოება არა ორად, სამად, ან ოთხად, არამედ ნამსხვრევებად დაყოფილი.
გაივლის დრო და ყოველივე ამის ხილვისა და "გაძლებისათვის" ისტორია ძმათამკვლელ თაობად შეგვაფასებს.
გაივლის დრო და ევროპაში "კევის" ღეჭვით გახიზნული თაობა "სტაბილურობასთან" ერთად დაბრუნდება. დაბრუნდება, როგორც "ოკეანედალეულთა" პოლიტიზირებული "სექტა": ჭრელი ჰალსტუხებით, გაპრიალებული ფეხსაცმლითა და შავი პორტფელებით ვარდის სურნელ ნაპკურევ დემოკრატიას ჩამოგვიტანენ...
იტყვიან "სამშობლოს" და იგულისხმებენ "გლობალიზაციას"... იქნება "მოქალაქეთა" ძმად გაფიცვის დიდი პოლიტ-რიტუალები... იქნება "მამათა და შვილთა ომიც" და "გამარჯვებული" შვილები "დამარცხებული" მამინაცვლის ჩაის დალევენ...
ფეხშიშველები გაუყვებიან შავი ზღვის სანაპიროს, ვიდრე ფსოუმდე, და საბაჟო პუნქტთან აჭარის "დაბრუნებას" მოგვილოცავენ...
ვიდრე ფსოუმდე და როკამდე დევნილები, კი იმ დღესაც ჩვეულებისამებრ გაშლიან დახლებს თბილისის ქუჩებში...
იქნება იაფფასიანი მასობრივი სანახაობები დაბალი გემოვნებისა და ინტელექტის მქონე ადამიანებისათვის, სიხარულსა და იმედს დანატრებულთათვის... იქნება დაბზარული კედლების გაფერადების დიდი ცერემონიალი და "ბილბორდებით" განათებული ქუჩები ათასობით უმუშევარითა და მოწყალების მთხოვნელით გაივსება...
სამართალდამცავები ეკლესიებს დაარბევენ და წვერით ნათრევი მოძღვრის ცქერით დატკბებიან ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო "ლოჟის" წევრები...
იქნება ფიცი დავითის საფლავზე და აღმაშენებელზე ფილმის გადაღების პრეზიდენტისეული აკვიატება. კარის მწერლები სცენარის წერას შეუდგებიან, ხოლო ერაყგამოვლი, თუ მოსავლელი ქართველი ჯარისკაცები სამაჩაბლოში მტრის წინაშე დაიჩოქებენ!..
"ხვალ იყო ომი?" _- კითხულობს ბავშვი, სკვერში მოთამაშე და დროსა და სივრცეში ჯერ გაურკვეველი. პასუხი არ მაქვს!.. და ისიც, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაღუპულთა სიის მემორიალის მცველს, უძრავ ცოცხალ არსებას - ქართველ ჯარისკაცს, მგრძნობელობის "შესამოწმებლად" შორიდან ესვრის კენჭებს...
ლეკიანობა საქართველოში
საკუთარი ქვეყნის მონობა ყველაზე დიდი პატივი და ღირსებაა! ქვეყნის ხელისუფლების ტყვეობა კი - შეურაცმყოფელი და დამაკნინებელი!
არსებითი სხვაობაა ამ ორ მცნებასა და მდგომარეობას შორის, მაგრამ ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ ცხადყო - იქ, სადაც ხელისუფლებას ქვეყნის "მონობის უღელი" არ ადგას, თავად ქვეყანა და ხალხი ხდება იმ ხელისუფლების "ტყვე".
...მთელი ქვეყანა დაემსგავსა "ტყვეთა ტყვის" ბანაკს - ჩვენ "მათ" ვმსახურებთ, "ისინი" - "იმათ"...
ჩვენ ფეხზე გვადევს "მათი" ხუნდები, "მათ" - ბორკილები "სხვათა და სხვათა"... თავისუფლებას დაეკარგა პირვანდელი მცნება და არსი... ისე ვიქეცით "პატიმრებად", რომ ვერც კი მივხვდით...
როგორც ყოველთვის, კიდევ ერთხელ მოვტყუვდით ალბათ... ათას ერთი ღამის სიზმარს ჰგავს დღეს ჩვენი ცხადი - ვეღარც ვფხიზლობთ და ვერც "ვიძინებთ".
მთელი ქვეყანა დაემსგავსა "ტყვეთა ტყვის" ბანაკს - გაყიდულია ყველაფერი ამ ცისქვესეთში. გაყიდულია სიცოცხლე და სიკვდილთან ერთად სამ გროშად ფასობს, ხურდის გაერეშე...
გაყიდულია მიწაც და ზეცაც, გაყიდულია ერის სიმშვიდეც... გაყიდულია მთაცა და ბარიც, გაყიდულია კვირის ყველა დღე... გაყიდულია წარსულიც, აწმყოც და მომავალიც "ჩამოგვიფასეს"... გაყიდულია!!!
და როგორ გინდა გამოისყიდო დღეს ყოველივე, როდესაც გუშინ ტაშისკვრით შეხვდი იმ "აუქციონს", მთელი ქვეყანა დემოკრატიის "საცვალში" რომ გაგაყიდინეს(?!)... და ვარდებს გზაზე ისე დიდი ხალისით ვფენდით, რომ ვერც კი მივხვდით: "პანაშვიდს" ვუხდიდით ამით ქვეყანს, წინასწარ და გაუაზრებლად!
და ჩვენც მოვტყუვდით, როგორც გუშინ, ანდა გუშინწინ... როგორც ყოველთვის, როცა ერი კარგავს საღ მზერას და ერთმანეთში არეული ცხადით და სიზმრით ერთურთისაგან ვეღარ არჩევს ძმასა და დუშმანს.
და როგორ გინდა დაიწყვიტო დღეს "ბორკილები", აიხსნა "ხუნდი" და "ეჟვანიც" ჩამოიგლიჯო, როდესაც ერი "ტყვეთა ტყვედ" იქცა - ჩვენ "მათ" ვმსახურობთ, ისინი _ "იმათ"...
რუსი, ისე როგორ ეს რუს "სალდატს" სჩვევია პირდაპირ მოდის... ამერიკა - არაპირდაპირ, კოლუმბის "გზით"...
რუსეთი "გულდასმით" გვაკვირდება, როგორც "უფროსი ძმა" და სუფთა რუსული "აქცენტით", ქართულად "გასაგებ" ენაზე გვიცხადებს, რომ - მზად არის აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი "გვევაჭროს", ორივე მხარისთვის ხელსაყრელ ფასად.
ამერიკა, როგორც "ზე-დემოკრატიული" პარტნიორი ქვეყანა, რომელიღაც კონგრესის, რომელიღაც ნაწილის, რომელიღაც პოლიტიკოსის გამოსვლაში აღშფოთებას გამოთქვამს და გმობს სეპარატიზმს.
საქართველოში კი ამ დროს, ჟანგმორეული აბრიატურები "გვახსენებენ", რომ აფხაზეთი უნდა "გვახსოვდეს", უნდა "გვტკიოდეს"... და ამ პროზაული "ტკივილის" იქეთ აღარ გვიშვებენ...
ტაში და ტაში, და თანაც ჩქარი!!!
რადგან ენგურზე დგანან ისევ ევროპელები და კონვენციებს წერენ და წერენ... რადგან "გაერო" დაგვიბრუნებს თურმე აფხაზეთს, და შეგვიძლია მხართეძოზე ისევ წამოვწვეთ... რა მოხდა თუკი კოკოითი რუსეთს სტუმრობდა, გაის ახალ წელს ჩვენ ცხინვალში ოსურს ვიცეკვებთ! სირჩასაც დავლევთ! მანამდე კი შეგვიძლია მხართეძოზე მშვიდად წამოვწვეთ...
მთავარია, რომ ბუშმა ხინკალს გაუგო გემო! მთავარია, რომ ობამამაც ისურვა ასე!
მთავარია, რომ პუტინი ლილიპუტია! მთავარია, რომ მედვედევი "ბელია" მხოლოდ!
ჩვენ ავტობანით მივადგებით სულ მალე სოხუმს. მესაჭე აქაც პრეზიდენტი იქნება ალბათ... ბითუმად ვარდი და ბითუმად დასკვნების დასტა, რომ აფხაზეთი საქართველოს ეკუთვნის მართლა(!).
ხოლო ისინი ვინც კოდორი გადმოიარა, და დაკარგულთა საფლავებზე ვისაც სურს გავლა, ვისაც ძაძები ტანზე ჯერაც არ გაუხდია - უნდა დავმშვიდდეთ და დაველოდოთ... და შეგვიძლია მხართეძოზე მშვიდად წამოვწვეთ...
რა მოხდა, თუკი ტყვედყოფილთა კიდურებს ვმარხავთ... რა მოხდა, თუკი დედებს შვილებს ისევ სტაცებენ... რა მოხდა თუკი სამოწყალოდ დავსვით ბაბუა, რომ ხვალ დილამდე შვილიშვილი არ გაეყინოს... რა მოხდა, თუკი ლუკმა პური არა აქვთ ობლებს და ქვრივებს ჭრელი კაბისაგან ალმური ასდით... რა მოხდა, თუკი ჯარისკაცებს იარაღს ჰყრიან და აჩოქებენ...
თუ დაჩოქება ისევ არ გვინდა და ფეხზე დგომაც არ შეგვიძლია, უნდა დავმშვიდეთ და მხართეძოზე მშვიდად წამოვწვეთ!!!
რადგან ენგურზე ისევ დგანან ევროპელები და კონვეციებს წერენ და წერენ... რადგან ახალ წელს ჩვენ ცხინვალში ვიცეკვებთ ოსურს, სირჩასაც დავლევთ და ავტობანით მივადგებით სულ მალე სოხუმს!...
მთავარია, რომ ბუშმა ხინკალს გაუგო გემო! მთავარია, რომ ობამამაც ისურვოს ასე...
მთავარია, რომ პუტინი ლილიპუტია! მთავარია, რომ მედვედევი "ბელია" მხოლოდ...
მთელი ქვეყანა დაემსგავსა "ტყვეთა ტყვის" ბანაკს - ჩვენ "მათ" ვმსახურობთ, ისინი- "იმათ"... ჩვენ აგვერია სათვალავი ოქროს და ვერცხლის, სიტყვის და სიბრძნის და მტერ-მოკეთის...
ჩვენ აგვერია სათვალავი საკუთარ მიწის და აღარ ვიცით სად იწყება და სად მთავრდება ჩვენი ქვეყანა, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმული ქაღალდის რუქით (!).
ფერადი ფანქრით, ან აკვარელით დახატულ ზღვაში როდის შევცურავთ ქაღალდის "გემით"!..
გმირობის ისტერია
იყო დრო, საუკუნეები და ეპოქები, როცა გმირებს ისტორია ქმნიდა...
პირველად ისტორიას ეს "პრეროგატივა" ბოლშევიკებმა ჩამოართვეს და ისტორიაც ისევე "გააკულაკეს", როგორც ისტორიის პოტენციური შემქმნელები.
მასაც ისევე დაუნდობლად ესროლეს ტყვია, როგორც ისტორიის დასაწერად გამზადებულ ლიტერატურულ მემატიანეებს...
ისტორიიდან ფურცლები ამოგლიჯეს, როგორც ზარები ეკლესიის გუმბათებიდან, მაგრამ მცდელობა - ჩვენი ცნობიერებიდან ეროვნული გმირის ფენომენი ამოეძირკვათ ისევე ამაო გამოდგა, როგორც ტაძრების კედლებიდან ფრესკების წაშლისა!
თბილისში იდგა ორჯონიკიძის ძეგლი, მაგრამ ჩვენ ვიცოდით, რომ ჭეშმარიტი მამულიშვილები მთაწმინდაზე, მარაბდისა და შამქორის ველებზე განისვენებდნენ...
ხელოვნური გვირგვინებით ვამკობდით, თუ გავამკობინებდნენ მახარაძე-ცხაკაიას ბიუსტებს, მაგრამ ამ დროს, ბუნებისა და ისტორიის კანონზომიერებით ვაჟას საფლავზე ისევე "უკითხავად" ამოდიოდა მიწიდან ია, როგორ ლაღადაც ყვაოდნენ წიწამურზე ყაყაჩოები...
ბოლშევიკებმა შეგვიქმნეს "გმირები", რომელთა გმირობაშიც ალბათ თავადაც ეპარებოდათ ეჭვი, მაგრამ დრომ - სიყალბის ყველაზე დაუნდობელმა მტერმა, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლად, პარალერულ "რეჟიმში" ქმნის ჭეშმარიტ გმირებს - მათ ისეთივე სასტიკი განაჩენი გამოუტანა, როგორც თავის დროზე თავად ბოლშევიკემბა, ეროვნულ ცნობიერებასა და ქართულ გენს(!).
პოლიტიკური კერპების მსხვრევის დიდი რიტუალი 70 წლის შემდეგ დასრულდა - ძეგლები ჩამოაგდეს, ბიუსტები გადაადნეს, საფლავები ამოთხარეს... ალბათ იყო ამაში რაღაც ბარბაროსული, მაგრამ ისტორია ხომ კანონზომიერ სისასტიკეს უფრო იტანს თავის ფურცლებზე, ვიდრე უადგილოდ დასმულ სასვენ ნიშანს(?!).
ეტაპი დასრულდა... ეტაპი დაიწყო...
და სიძულვილის ნიადაგზე ჩაგდებულმა მარცვალმა ისევ სიბოროტის მარცვალი გამოიღო. ამჯერად უკვე ჩვენ ვერ გაუძელით დროის გამოცდას და დამოუკიდებელი საქართველოს სამფეროვანი დროშიდან მხოლოდ ტარიღა შეგვრჩა ხელში.
სიცოცხლეშივე გმირად შერაცხვაც ვისწავლეთ და ისეთებისათვის ძეგლის დადგმაც გარდაცვალებამდე, რომ ჩამოვაგდებთ... და ისტორიის კიდევ ერთი ფურცელიც გადავშალეთ.
ისტორიის ცარიელი ფურცელი, რადგან არ გვეყო გამბედაობა, საკუთარი ხელით ჩაგვეწერა ჩვენი მარცხისა და სირცხვილის ამბავი...
ისევ ის დრო დადგა "ბუზსაც ისტორიის ფურცელზე, რომ მოუნდა სიკვდილი" და ვშიშობ უარესიც, რადგან საქართველოს ისტორიის ახალ ფურცელზე ქართველებისათვის ადგილი აღარ დარჩა!!!
უცნობია, უკითხავდა თუ არა ქალბატონი გიული პატარა მიხეილს ძილისწინ ქართულ ხალხურ ზღაპრებს; ან ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ოდესმე თუ აუხსნია მისთვის, რით განსხვავდება ჭეშმარიტი გმირი მეორე, ან მესამე ხარისხოვანი მოქმედი გმირისაგან(?).
პრეზიდენტის მხრიდან საკუთარი თავის გმირად შერაცხვის ამბიციაზე არანაკლები დანაშაულია (ალბათ ერისა და ღვთის წინაშე), სახელმწიფოს სათავეში ისეთი აპარატის შექმნა, ნაძირალებს ნულ გრადუსზე "დუღილისას", გმირებად რომ აქცევს!
ასეთ პოლიტიკურ "ალქიმიასთან" აბა რა მოსატანია კომუნისტური ტექნოლოგიები და ის ამბავი, თუ "როგორ იწრთობოდა ფოლადი", მაგრამ დამეთანხმებით - "ნაცმოძრაობის" გმირთა "სამჭედლო" რაღაცით ისევე ჩამოჰგავს "კომ-აქტივს", როგორც ბოდიშის მოხდისათვის გმირად შერაცხული პავლიკ მოროზოვს...
პრეზიდენტის მიერ "გმირად" შერაცხული რეზერვისტი ქალბატონი, დიდი ზარ-ზეიმით გააგზავნეს ამერიკაში, იმ იმედით რომ იქედან "გაწრთვნილი" სამშობლოში დაბრუნდებოდა და აფხაზეთს და სამაჩაბლოს დაგვიბრუნებდა. მან კი, ნამდვილ გმირობას ამერიკაში არალეგალად დარჩენა არჩია და ეხლა კაცმა არ იცის, ის ჩვენი "დროის გმირი" ოკიანის გაღმა ჭურჭელს რეცხავს იაფფასიან კაფეში, თუ უნიტაზებს ხეხავს მანჰეტენის საზოგადოებრივ ტუალეტში?!.
არავის უწყის ასეთ "გმირებს" გმირობამდე რამდენი ვირობა აქვთ ჩადენილი და კიდევ რამდენს ჩაიდენენ, მაგრამ პრეზიდენტის "მადას"- რაც შეიძლება ბევრი გმირები ჰყავდეს მისი პრეზიდენტობის ვადას - "ძღომა" არ უჩანს! ისეთი ღვთისნიერიც არავინ გამოჩნდა, ქრისტიანული თავმდაბლობით მაინც რომ ეთქვა, გმირი არ ვარო...
ჩვენში ეხლა ზუსტად იმდენი გმირია, რამდენიც უნდა იყოს პრეზიდენტის სურვილითა და ბრძანებით! "პროპორციები" დაცულია არა მარტო გმირებთან, "მოღალატეებთან" მიმართებშიც. ყოველივე ამას თავისი "ლოგიკური" ახსნა აქვს: თუკი ქვეყანაში არსებობენ თანამედროვე "გმირები", იმ ქვეყანს უთუოდ უნდა ჰყავდეს "მოღალატეებიც"!
მართალია, ჩვენ რიგით ქართველებს ისევე არ გვესმის რატომ არიან არშემდგარ ამბოხში ეჭვმიტანილი სამხედროები "მოღალატეები", ხოლო "ფლეი-ბოის" გოგოები "გმირები", მაგრამ ეს საერთო სურათს მაინც არ ცვლის.
"ესეც გოგო"... "ესეც ბიჭი" - როგორც ახლადგაღვიძებული "სიზმარა" ისე გაიძახის "აგერ უკვე მეხუთე წელია ჩვენი პრეზიდენტი და, ვერცერთმა "ძილის მინისტრმა" ვერ შეჰკადრა დღემდე იმის თქმა, რომ სხვა ქვეყნის "სიზმრები" მიჰგვარეს "გმირების აღლუმზე" ხონჩით!...
ცხადში კი, თანამედროვე ქართველებისაგან - აღმაშენებელს, თამარსა და ილიას, რომ გაგვიუფასურებენ და "თანამედროვე გმირებით" ჩაგვინაცვლებენ - აღარაფერი დარჩება ისეთი ნეოპალეოთოგიური ხანის მზიასა და ზეზვასგან რომ განგვასხვავებს!
აღარაფერი დარჩება რადგან:
ვიღას ახსოვს აფხაზეთი და სამაჩაბლო... ძაძით მოსილმა ქართველმა ქალებმა დახლები გაშალეს თბილისის ქუჩებში... დახლებზე დადგნენ სტამბულის ბაზარში აღმოსავლური ლარნაკის დარად შეღებილი ქართველი ქალები...
პროფესორებმა უკანასკნელი წიგნები გაიტანეს მშრალ ხიდზე გასაყიდად და ყავლგასული ჩინ-მედლების გვერდით ჩამოალაგეს...
კოლექციონერები პურის ფასად ყიდულობენ სამკერდე ნიშნებს და ხელისუფლებაც პურის ფასად არიგებს "გმირობის ორდენს"... გაჩნდნენ "გმირები", მოსყიდულები და გაყიდულები, იმაზე ბევრნი ვიდრე მათხოვრები ქალაქის ქუჩებში...
და გაიყიდა - ჰიგიენურ ქაღალდთან ერთად გმირობის "ორდენი", ჭანჭიკთან ერთად ჯარისკაცის სიცოცხლე, მანდილთან ერთად სამი კილო წიწიბურა....
"ჯი-ეიჩ-ენი", ელგა ფოლადიშვილი