თბილისში საზოგადოებრივი სასარგებლო შრომისთვის წლის ბოლომდე 500 სამუშაო ადგილი შეიქმნება. ამის შესახებ დღეს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ "სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით კანონპროექტის პრეზენტაციისას აღინიშნა.
როგორც კომიტეტის სხდომაზე სასჯელაღსრულების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ აღნიშნა, თბილისის მერთან გიგი უგულავასთან გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ პირს, რომლსაც პატიმრობის ნაცვლად საზოგადოებრივი სასარგებლო შრომა შეეფარდება მის დასაქმებისთვის სამუშაო ადგილების მოძიებაში სამინისტროს დედაქალაქის ხელისუფლება დაეხმარება.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე მოძიებულია 200-მდე სამუშაო ადგილი, რომლის გაზრდა წლის ბოლომდე 500 სამუშაო ადგილამდე იგეგმება.
მათივე ინფორმაციით, სასამართლო პირს საზოგადოებრივი სასარგებლო შრომის ოდენობას შეუფარდებს, რომლის ზედა ზღვარი 800 საათს წარმოადგენს, ხოლო სამუშაოს სახეს პრობაციის ბიურო განსაზღვრავს.
კანონპროექტის თანახმად, პრობაციის ბიუროს კოორდინატორი შეაფასებს პირის გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს, როს შემდეგაც მოხდება სამუშაოს სახეობის შერჩევა.
კალმახელიძის თქმით, პირისთვის დაკისრებული სამუშაო არ იქნება მისი შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი.
ამ ეტაპზე საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოს ადგილები ძირითადად გასუფთავებისა და გამწვანების სფეროებშია მოძიებული.
მინისტრის თქმით, იმ შემთხვევაში თუ პირს ქალაქგარეთ მოუწევს სამუშაოს შესრულება მგზავრობის და კვების ხარჯებს სამინისტრო ანაზღაურებს, ასევე კვების ხარჯები ანაზღაურდება იმ შემთხვევაში თუ პირს დღეში 8 საათიანი სამუშაოს შესრულება დაეკისრება.
ამასთან, აღნიშნული პილოტურ პროექტს წარმოადგენს, რომელიც თავდაპირველად თბილისში განხორცილდება, ხოლო მომავალში საქართველოს ყველა რეგიონში ამოქმედდება.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, 2010 წელის განმავლობაში საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 350 პირს დაეკისრა.