უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ განაცხადა, რომ უკრაინა გააკვირვა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის „უსაფუძვლოდ კონფრონტაციულმა“ განცხადებებმა უკრაინის მიმართ.
ამის შესახებ სიბიჰამ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
სიბიჰა წერს მადიარის განცხადების შესახებმ რომლის მიხედვითაც უნგრეთი უკრაინის ინიციატივით შექმნილ „კარპატული რვიანის“ ფორმატში მონაწილეობას არ მიიღებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, „კარპატების ინტეგრაციის ინიციატივა“ მიზნად ისახავს მთელი რეგიონის განვითარებას და ხელს უწყობს კეთილდღეობას, ურთიერთდაკავშირებულობასა და რვა ქვეყნისთვის ურთიერთსასარგებლო პროექტების განხორციელებას.
„უნგრეთის ასეთი კატეგორიული უარის მიზეზები ჩვენთვის უცნობია“, - განაცხადა სიბიჰამ.
ანდრი სიბიჰა პეტერ მადიარის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახამდ, მისი მთავრობა უნგრეთის ტერიტორიაზე უკრაინის საჭიროებისთვის ნავთობის საცავების აშენებას არ დაუშვებს.
სიბიჰას თქმით, მადიარის განცხადებები ეჭვქვეშ აყენებს უკრაინულ და უნგრულ ენერგეტიკულ კომპანიებს შორის ორმხრივი მემორანდუმის ფარგლებში შეთანხმებულ „პირდაპირ, პრაგმატულ და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას“.
„ყოველ ჯერზე, როდესაც პოლიტიკა პრაგმატულ ბიზნესში ერევა, ამას კარგი არაფერი მოჰყვება. ბოლო პერიოდში ბუდაპეშტიდან მოსმენილი განცხადებები ჩვენში გაკვირვებას იწვევს. როგორც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორ ორბანი უკვე აღარ არის ხელისუფლებაში, მისი ობსტრუქციონისტული და იზოლაციონისტური პოლიტიკა კვლავ ყვავის. „ორბანიზმმა“ წარსულში არც უნგრეთს მოუტანა სარგებელი და არც მთლიანად რეგიონს და მომავალშიც ის არავის მოუტანს სარგებელს“,- აღნიშნა სიბიჰამ.
ამასთან, მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა კვლავ მზად არის და ღიაა უნგრეთთან „ურთიერთსასარგებლო, პრაგმატული და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის“.
შეგახსენებთ, უნგრეთის პრემიერმა პეტერ მადიარმა განაცხადა: ვიდრე პარტია „ტისა“ ხელისუფლებაშია, ქვეყანაში უკრაინული ნავთობის საცავი არ აშენდება.