უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა.
ლიდერების შეხვედრა გაერო-ში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლის რეზიდენციაში გაიმართა.
ზელენსკისთან შეხვედრამდე მაკრონი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტრამპთან საუბრისას წამოჭრა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის ჩამჭერელი რაკეტების დაუყოვნებლივ მიწოდების საკითხი. მათ ასევე განიხილეს უკრაინასა და რუსეთს შორის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების მორატორიუმის დაწესების იდეა.
„ჩვენ გავაერთიანებთ ძალისხმევას, რათა უკრაინის ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმების მორატორიუმს მივაღწიოთ. მშვიდობიანი მოსახლეობა დაცული უნდა იყოს და რაც შეიძლება მალე უნდა დავიწყოთ სერიოზული მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის პირობებზე“, - დაწერა მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ზე.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ამ საკითხის წამოჭრას ზელენსკისთან შეხვედრისას გეგმავდა.
საფრანგეთის ლიდერთან მოლაპარაკებამდე ზელენსკი ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა და მათ მადლობა გადაუხადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტის მიღებისთვის.