აშშ-ის მთავრობა მზად არის, ნებართვა გასცეს გერმანიის მთავრობის ინიციატივით უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების 10 ჩამჭრელი რაკეტის გადაცემაზე. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ კონგრესისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში, რომელიც აშშ-ის სენატის ოფიციალურ გამოცემაში, Congressional Record-ში გამოქვეყნდა. იუწყება უკრაინული მედია
უკრაინამ უნდა მიიღოს MIM-104E GEM-T ტიპის 10 რაკეტა, რომელთა საწყისი ღირებულება 29.6 მილიონ დოლარს შეადგენს. საბრძოლო მასალა გერმანიას ეკუთვნის, თუმცა მსგავსი შეთანხმებების პირობებით, შემძენ ქვეყანას აშშ-ის შეიარაღების მესამე მხარისთვის გადაცემა აშშ-ის თანხმობის გარეშე არ შეუძლია.
„ეს გადაცემა შეესაბამება აშშ-ის უსაფრთხოების სფეროში დახმარების მიზნებს. შეერთებული შტატების მთავრობა მზად არის, გასცეს ნებართვა ამ გადაცემაზე პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური ფაქტორების, ასევე ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხებისა და შეიარაღებაზე კონტროლის გათვალისწინებით“, - ნათქვამია შეტყობინებაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, უკრაინას ჩამჭრელი რაკეტების მიღება სურს, რათა „რუსეთის მხრიდან მიმდინარე თავდასხმების საპასუხოდ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები გააძლიეროს“.
2026 წლის სექტემბრის დასაწყისში გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის PAC-2 ტიპის ჩამჭრელ რაკეტებს ბუნდესვერის მარაგებიდან დაუყოვნებლივ გადასცემდა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინა Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისთვის დაახლოებით 1 000 რაკეტის შესაძენად კონტრაქტებს აფორმებს. მომავალი მიწოდებები დროს მოითხოვს, ამიტომ უკრაინას პარტნიორი ქვეყნების მარაგებიდან რაკეტები უკვე ახლა, ზამთრის დადგომამდე სჭირდება.