აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი საზოგადოებას შეახსენებს, რომ უცხოელი აგენტის სტატუსის რეგისტრაციის შესახებ ფედერალური კანონმდებლობის დარღვევას სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვება.
დეპარტამენტის განცხადებით, პირები, რომლებიც აშშ-ში უცხოეთის მთავრობის ან უცხოელი პირის ან ორგანიზაციის მითითებით ან კონტროლით მოქმედებენ, შესაბამის უწყებებში უცხოელ აგენტებად უნდა დარეგისტრირდნენ. რეგისტრაციის ან შეტყობინების ვალდებულება, მათ შორის, უცხოეთის მთავრობის ან მისი წარმომადგენლების ინტერესების სასარგებლოდ საჯარო საქმიანობის განხორციელების შემთხვევებსაც ეხება.
იუსტიციის დეპარტამენტის განმარტებით, შესაბამისი მოთხოვნები გათვალისწინებულია „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტით“ (FARA) და აშშ-ის სისხლის სამართლის კოდექსის 951-ე მუხლით. მათი დარღვევისთვის გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივი სანქციები, მათ შორის ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
დეპარტამენტი ასევე აცხადებს, რომ კანონის აღსრულება არ ზღუდავს კონსტიტუციით დაცულ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და გადაწყვეტილებებზე გავლენას არ უნდა ახდენდეს პირის პოლიტიკური კუთვნილება, საქმიანობა ან შეხედულებები.