რუსეთმა ბოლო კვირების განმავლობაში ორჯერ სცადა იმ თვითმფრინავზე თავდასხმა, რომლითაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გადაადგილდებოდა. ამის შესახებ თავად ზელენსკიმ CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„მოლდოვაში ჩემი საპრეზიდენტო თვითმფრინავი იმყოფებოდა და სწორედ ამიტომ შეუტიეს მათ მოლდოვას... როდესაც სახლში ვბრუნდებოდით, ისევ კიშინიოვის გავლით, მათ იგივე გააკეთეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ეს რუსეთის სტრატეგიის ნაწილი იყო, რომლის მიზანიც თავად ზელენსკისა და სხვა უცხოელი ლიდერების დაშინებაა.
მან გაიხსენა 13 სექტემბერს მომხდარი შემთხვევაც, როდესაც რუსულმა დრონმა უკრაინისა და პოლონეთის საზღვართან ლოკომოტივი დააზიანა. ზელენსკის თქმით, იმ დროს სადგურ იაგოდინში სხვა მატარებელი იმყოფებოდა, რომელშიც CIA-ის ყოფილი დირექტორი დევიდ პეტრეუსი მგზავრობდა.
„შესაძლოა, მათ არ იცოდნენ, რომ იქ ამერიკელები იმყოფებოდნენ, ან, პირიქით, იცოდნენ, რადგან მე მათ არ ვენდობი. ვფიქრობ, რომ იცოდნენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.