ამირან რობაქიძის, ზურაბ ვაზაგაშვილის და გიორგი გამცემლიძის მშობლებს დღეს პარალმენტში შესვლის შესაძლებლობაც კი არ მიეცათ, რადგან დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ მათთვის დაშვებული საშვები ანულირებული აღმოჩნდა. ამის შესახებ განცხადება დიმიტრი ლორთქიფანიძემ იმ დროს გააკეთა, როდესაც "ქრისტიან-დემოკრატების" მიერ ინიცირებული საკითხის - გახმაურებულ მკვლელობებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნის საკითხი საკმაოდ ხმაურიანი ფორმებით მიმდინარეობდა.
ლორთქიფანიძემ მოითხოვა განცხადების გაკეთება, რათა საზოგადოებისათვის ემცნო, რომ მას პარლამენტის დაცვის სამსახური არ აძლევს იმის საშუალებას, რომ გამოიყენოს დეპუტატის უფლება და საზოგადოების წარმომადგენლებს და მოქალაქეებს საკუთარ სამუშაო ოთახში შეხვდეს.
როგორც ლორთქიფანიძემ განაცხადა, მან მოქალაქეებისათვის, რომლებიც არიან ამირან რობაქიძის, ზურაბ ვაზაგაშვილის და გიორგი გამცემლიძის მშობლები მის მიერ დაშვებული საშვი არ მისცეს და პარლამენტში შესვლის უფლება არ გააჩნიათ.
როგორც ლორთქიფანიძემ აღნიშნა, საუბარია არა სასესიო დარბაზზე არამედ მის ოთახზე, რათა ამ პირებს აღნიშნული საკითხის განხილვა მის სამუშაო ოთახში მაინც შესძლებოდათ.
როგორც ბაქრაძემ განაცხადა, მისთვის როგორც გახდა ცნობილი, სიაში დაღუპულ პირთა მშობლებთან ერთად იყვნენ ის ადამიანებიც, რომელთა მიმართ პარლამენტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის განსაკუთრებული მოთხოვნები გააჩნია და ერთიანი სიის ანულირებაც ამ მიზეზით მოხდა.
"ადამიანები, რომლებიც დეპუტატებს ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფას აყენებენ პარლამენტის სესიას არ უნდა ესწრებოდნენ", - განაცხადა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ ქრისტიან-დემოკრატები გახმაურებული მკვლელობების გამოსაძიებლად პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. აღნიშნული საკითხი სესიაზე დღეს ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა გამოიტანა, რომელმაც ისაუბრა სანდრო გიგრვლიანის, ამირან რობაქიძის და ვაზაგაშვილის საქმეებზე და მასთან დაკავშირებით ახლადაღმოჩენილ სამართლებრივ გარემოებებზე. სავარაუდოდ, უმრავლესობა აღნიშნულ საკითხს არ დაეთანხმება და საკითხი კენჭისყრაზე ჩავარდება. კენჭისყრა დღის ბოლოს უნდა გაიმართოს.