კანადის მთავრობამ სანქციების სიაში რუსეთის კიდევ რვა მოქალაქე შეიყვანა, რომლებიც უკრაინელი ბავშვების რუსეთის მიერ უკანონო დეპორტაციასა და იძულებით გადაადგილებაში, ასევე მათ ინდოქტრინაციასა და მილიტარიზაციაში მონაწილეობდნენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კანადის მთავრობის ინფორმაციით, სანქციები დაუწესდა რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრ ალექსანდრ კურენკოვს, ახალგაზრდობის საქმეთა ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელ გრიგორი გუროვს, მოძრაობა „პირველების“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარე არტურ ორლოვს და მოძრაობის რეგიონული განყოფილების საბჭოს ხელმძღვანელ დენის ჩერნობაის.
სანქციების სიაში ასევე მოხვდნენ ბავშვთა უფლებების საკითხებში რუსეთის ომბუდსმენის აპარატის მრჩეველი ვლადიმირ ხრომოვი და დაკარგული და დაზარალებული ბავშვების დახმარების ეროვნული ცენტრის მეურვეობის საბჭოს თავმჯდომარე ელენა მილსკაია. დოკუმენტში ასევე არიან ალექსანდრა კულგინა და ვიტალი სუკი.
კანადის მთავრობის განცხადებით, აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ან მონაწილეობენ უკრაინელი ბავშვების რუსეთის ტერიტორიაზე დეპორტაციასა და იძულებით გადაადგილებაში, ასევე მათ ინდოქტრინაციასა და მილიტარიზაციაში.
შეგახსენებთ, რომ მაისში დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომელიც უკრაინელი ბავშვების გატაცებასა და სომხეთში დაგეგმილ არჩევნებში ჩარევის მცდელობებს უკავშირდებოდა.
ევროკავშირის საბჭომ 11 მაისს სანქციები დაუწესა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელი ბავშვების გატაცებაზე არიან პასუხისმგებელი.