ამერიკელმა სამხედროებმა 8 სექტემბერს ირანის კუთვნილი ხუთი ნედლი ნავთობის ტანკერი გაანადგურეს მას შემდეგ, რაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) ბოლო ორი დღის განმავლობაში ორჯერ სცადა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდის ბალისტიკური რაკეტებით დაზიანება. ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) ავრცელებს.
CENTCOM-ის განცხადებით, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდმა რაკეტებს წარმატებით აარიდა თავი და აკვატორიის პატრულირება განაგრძო.
„აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების პირადი შემადგენლობიდან არავინ დაშავებულა“, - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაკავშირებული ირანული გემების დაზიანების შესახებ, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაციას ტელეკომპანია CNN-ი და სააგენტო Reuters-იც ავრცელებდნენ.
თავდასხმების ფაქტი ირანშიც დაადასტურეს. კერძოდ, სააგენტო Tasnim-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკული რაკეტა ირანის მთავარი საექსპორტო ნავთობტერმინალიდან, კუნძულ ხარკიდან, დაახლოებით ექვსი კილომეტრის დაშორებით მდებარე ტანკერს მოხვდა. გარდა ამისა, ირანის სახელმწიფო მედიამ ომანის ყურეში, ჯასკის პორტთან, კიდევ ერთ ტანკერზე თავდასხმის შესახებ განაცხადა.
გემების განადგურების საპასუხოდ, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი დაიმუქრა ბაჰრეინისა და ქუვეითის პორტებში მდებარე ტანკერებზე დარტყმით.
მოგვიანებით IRGC-მ ასევე განაცხადა, რომ იორდანიის ტერიტორიაზე მდებარე ალ-აზრაქის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოები, რომლებზეც ჩანს, როგორ მუშაობს იორდანიის საჰაერო თავდაცვა ქვეყნის საჰაერო სივრცეში მრავალრიცხოვანი საჰაერო სამიზნეების წინააღმდეგ. იორდანიის განცხადებით, ირანის მიერ გაშვებული 20 ბალისტიკური რაკეტიდან 18 საჰაერო თავდაცვამ მოიგერია, ხოლო ორი დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩავარდა. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.