9 სექტემბრის ღამეს რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ნოვოროსიისკს დრონები დაესხნენ თავს, რის შედეგადაც ქალაქის ნავთობპროდუქტების ტერმინალის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ტელეგრამ-არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაახლოებით შუაღამისას ნოვოროსიისკის მცხოვრებლები დრონების ფრენის, რუსული საჰაერო თავდაცვის მუშაობისა და აფეთქებების შესახებ იუწყებოდნენ. მალევე სოციალურ ქსელებში ადგილობრივი საპორტო ინფრასტრუქტურის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ამსახველი ვიდეოები გავრცელდა.
ნოვოროსიისკის მერმა ანდრეი კრავჩენკომ ხანძრის გაჩენა დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ ცეცხლი დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნას მოჰყვა. მას არ დაუკონკრეტებია, რომელი საწარმო ან ობიექტი დაზიანდა, ასევე არ გაუვრცელებია ინფორმაცია ზარალის მასშტაბისა და დაშავებულების შესახებ.
ASTRA-ს OSINT-ანალიტიკოსებმა დაადგინეს, რომ ხანძარი შპს „ნოვოროსიისკის მაზუთის ტერმინალის“ ტერიტორიაზე გაჩნდა.
Dnipro Osint-ის ინფორმაციით, დარტყმა საპორტო კომპლექსის ობიექტებზე განხორციელდა, რის შედეგადაც მაზუთის ტერმინალის სულ მცირე ერთი რეზერვუარი დაზიანდა.
შპს „ნოვოროსიისკის მაზუთის ტერმინალი“ ნოვოროსიისკის სატრანსპორტო კვანძის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საწარმოა, რომელიც ნოვოროსიისკის საზღვაო სავაჭრო პორტის შემადგენლობაში შედის. ეს უკანასკნელი გადატვირთვის მოცულობით რუსეთის უდიდესი საზღვაო პორტია.
ტერმინალი სპეციალიზებულია მაზუთისა და მსუბუქი ნავთობპროდუქტების შენახვასა და გადატვირთვაზე. მისი გამტარუნარიანობა წელიწადში დაახლოებით 4 მილიონ ტონას შეადგენს.