რუსეთის ქალაქ სოჭში, 7 სექტემბრის ღამეს, კვლავ გაჩნდა ხანძარი ნავთობბაზაზე, რომელიც 4 სექტემბერს დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაზიანდა.
ამის შესახებ OSINT-არხი ASTRA იუწყება. მისი ცნობით, საუბარია ნავთობბაზა „როსნეფტ-კუბანნეფტეპროდუქტზე“, რომელიც ადლერის რაიონში, სოჭის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ მდებარეობს.
ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, 4 სექტემბერს ობიექტის დაზიანების შემდეგ ტერიტორია გარკვეული დროის განმავლობაში ბოლავდა, მოგვიანებით კი ნავთობბაზაზე ძლიერი ხანძარი კვლავ გაჩნდა. მასშტაბური ხანძრისა და ძლიერი დაკვამლიანების გამო, ქალაქის მოსახლეობას ფანჯრების მჭიდროდ დახურვისკენ მოუწოდეს.
ამასთან, ASTRA-ს ცნობით, 7 სექტემბერს ახალი დრონებით თავდასხმის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა და საჰაერო განგაში არ გამოცხადებულა. ნავთობბაზაზე ხელახალი ხანძრის შესახებ ოფიციალურ უწყებებს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.