რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერთან შეხვედრისას განაცხადა, რომ 5 სექტემბრის შუაღამის შემდეგ კიევზე რუსეთის დარტყმები არ განხორციელებულა, თუმცა მოსკოვსა და კიევს უფრო ფართო, სამდღიან ზავზე შეთანხმება არ ჰქონიათ. ამის შესახებ უკრაინული მედია რუსულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.
პუტინის თქმით, კიევზე დარტყმების შეწყვეტის თხოვნა რუსეთმა ოფიციალური არხებით, მათ შორის სპეცსამსახურებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების არხებით მიიღო.
„მე შესაბამისი ბრძანება გავეცი და 00:00 საათიდან კიევზე ეს დარტყმები არ განხორციელებულა“, - განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, უკრაინამაც მნიშვნელოვნად შეამცირა რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის მოსკოვზე, განხორციელებული დარტყმები.
პუტინის თქმით, უკრაინამ უფრო ფართო, სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა, თუმცა რუსეთი ასეთ შეთანხმებაზე უკრაინასთან არ შეთანხმებულა.
„მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, რათა უზრუნველვყოთ მოლაპარაკებების პროცესისა და თქვენი, როგორც შუამავლების, ასევე, თქვენთან ერთად ჩამოსული პირების უსაფრთხოება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინმა ასევე განაცხადა, რომ უიტკოფთან და კუშნერთან უკრაინის საკითხის მოგვარების ყველა დეტალის განხილვას გეგმავს.
პუტინის თქმით, მოსკოვისთვის უიტკოფთან და კუშნერთან მუშაობა კომფორტულია და მსგავსი კონტაქტები ყოველთვის სასარგებლოა.
თავის მხრივ, უიტკოფმა პუტინთან საუბარს მისთვის ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე დასამახსოვრებელი გამოცდილება უწოდა.
უკრაინული მედიის ცნობით, 5 სექტემბრის დასაწყისიდან კიევში საჰაერო განგაში ხუთჯერ გამოცხადდა.
ამავე დღეს, კიევის ოლქში რუსეთის თავდასხმებს ორი ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმების შედეგად ხუთ რაიონში 28 ობიექტი დაზიანდა.