კუპედან გამოვიდა 7 ადამიანი, ერთ-ერთმა წამიყენა პრეტენზია, რომ თურმე მისთვის მიგინებია სოციალურ ქსელში და ამისთვის უნდა მომეხადა ბოდიში, რაზედაც უარი განვუცხადე, - ამის შესახებ მუქარის ფაქტზე ბრალდებულმა ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
"გამოვიდა 7 ადამიანი, ერთ-ერთმა წამიყენა პრეტენზია, რომ თურმე მისთვის მიგინებია სოციალურ ქსელში და ამისთვის უნდა მომეხადა ბოდიში, რაზედაც უარი განვუცხადე. ვუთხარი, მე შენ არ გიცნობ და რაზე უნდა მოგიხადო ბოდიში? თუ რამე იყო, მაჩვენე, სად გაგინე და მაგის მიხედვით ვნახოთ. დანარჩენებსაც ვეუბნებოდი, ვინ ხართ, ცხოვრებაში არ მინახიხართ, ჩვენ „ტელეიმედის“ თანამშრომლები ვართო, განმიცხადეს. კი მაგრამ, მე არცერთს არ ვიცნობ, ჟურნალისტი არცერთი არაა. ჩვენ არ მოგვწონს შენი პოზიცია, ხშირად გვაგინებ და ბოდიში უნდა მოიხადოო. არ მინდოდა ჩემ მეუღლეს დაენახა, როგორ მაგინებდნე, მაფურთხებდნენ, უშუალოდ ერთ - ერთი იყო ძალიან აგრესიული, მაგინებდა, მაფურთხებდა, ამას გიზამ, იმას გიზამ.
ჩემი მეუღლე ავიდა ზევით და რამდენიმე წუთში, რესტორნის დაცვის თანამშრომელთან ერთად ჩამოვიდა, თუმცა მათ ჩამოსვლამდე ამ შვიდიდან ერთ-ერთზე ვამბობდი, რომ გაიყვანეთ-მეთქი. ხელი მომიქნია, მაგრამ არ მომხვედრია, მაგინებდა. ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ. მე ვუთხარი, ვაჟკაცი კაცი ვარ და ბოდიშის მოხდა არ მრცხვენია-მეთქი, მაგრამ მითხარით, რაზე უნდა მოგიხადო ბოდიში-მეთქი. სანამ ბოდიშს არ მოიხდი, აქედან ვერ გაგიშვებთო. ჩვენი არ მოგვწონს შენი სამოქალაქო პოზიციაო.
რესტორნის დაცვის ორმა ბიჭმა მოახერხა და ეს აგრესიული ბიჭი კუპეში შეიყვანა",- თქვა ელიზბარაშვილმა.
როგორც ელიზბარაშვილმა აღნიშნა, რესტორანთან მომხდარი კონფლიქტის შემდეგ მასთან დაპირისპირებულებს უთხრა, რომ მეუღლეს სახლში წაიყვანდა და ისევ უკან მობრუნდებოდა, ხოლო უკან მობრუნების მიზეზი იყო შერიგება და ის, რომ დაწყებული კონფლიქტი საუბრით მოეგვარებინათ.
"ჩემს 11 შვილს კაცობის და ადამიანობის მაგალითს ვასწავლი. ციხით რომ მაშინებს პროკურორი, ციხეშიც შევალ და იქიდან ორჯერ უფრო ვაჟკაცურად გამოვალ. ე.ი. გულზე ხელი რომ მოვიკიდე, ეს იყო საშიში? მე დანაშაული არ ჩამიდენია ბატონო მოსამართლევ, ხოლო თუ ის შვიდი ადამიანი შევაშინე, საჯაროდ ბოდიშს მოვიხდი”,- განაცხადა ელიზბარაშვილმა
მან ბინის ჩხრეკის მომენტიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ სამართალდამცველები მისი არასრულწლოვანი შვილების თვალწინ ისე იქცეოდნენ, რომ თვითმკვლელობაც კი სცადა.
"პატარა ბავშვები გვყავდა, ატყდა წივილი-კივილი ბავშვებს, ვეღარ ვუძლებდი, თვითმკვლელობა გადავწყვიტე და გადავდგი ერთი საფეხური. მაგ დროს დამიჭირეს და დამადეს ბორკილები, ისე მომიჭირეს, რომ მანქანაში გონება დავკარგე", - ამბობს თამაზაშვილი.
საქართველოს პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ელიზბარაშვილსა და დაზარალებულს შორის სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა. უწყების ცნობით, ელიზბარაშვილი დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, მოგვიანებით კი, მუქარის აღსრულების მიზნით, შეიარაღებული დაბრუნდა ადგილზე და რესტორანში შეჭრას ცდილობდა. პროკურატურის განცხადებით, 31 აგვისტოს ბრალდებულმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა, სადაც მუქარას განაგრძობდა.