ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატმა ლექსო სვიმონიშვილმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩეს, თუმცა სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაოს შესთავაზებს.
თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
"პროკურატურამ გამოაქვეყნა ის კადრები, რომლებიც თავად ჩათვალეს, რომ მათ წარდგენილ ბრალდებას გაამყარებდა. თუმცა, საზოგადოებამ ნახა, რომ ამ კადრებში არაფერი კანონის საწინააღმდეგო არ ჩანს. ახლახან ვნახე ეს კადრები, სადაც ამბობს, რომ თითქოს, თამაზ ელიზბარაშვილი, სავარადუდოდ, იარაღით ემუქრება, იარაღი არსად ჩანს და არცერთი მოწმე არ ადასტურებს, რომ თამაზ ელიზბარაშვილს თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი.
აღკვეთის ღონისძიების პროცესი ჩატარდება, პროკურატურას მიმართული აქვს და შუამდგომლობა პატიმრობასთან დაკავშირებით დააყენა, ჩვენ ამ შუამდგომლობას არ დავეთანხმებით და გვექნება შუამდგომლობა, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი შეფასებით, საერთოდ აღკვეთის გარეშე უნდა დარჩეს აღნიშნული ბრალდებული, თუმცა, ალტერნატივცის სახით შევთავაზებთ გირაოს. ოფიციალურად, გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა ოპერატიული ინფორმაცია, რომელიც ერთ-ერთ გამომძიებელს მიეწოდა, - განაცხადა სვიმონიშვილმა.
საქართველოს პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ელიზბარაშვილსა და დაზარალებულს შორის სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა. უწყების ცნობით, ელიზბარაშვილი დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, მოგვიანებით კი, მუქარის აღსრულების მიზნით, შეიარაღებული დაბრუნდა ადგილზე და რესტორანში შეჭრას ცდილობდა. პროკურატურის განცხადებით, 31 აგვისტოს ბრალდებულმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა, სადაც მუქარას განაგრძობდა.