ევროკავირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინას მისთვის საჭირო რაკეტსაწინააღმდეგო რაკეტები უნდა გადასცენ, მათ შორის ის რაკეტები, რომელთა ვარგისიანობის ვადაც მალე იწურება.
ამის შესახებ კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე, ირლანდიის ქალაქ ვიკლოუში განაცხადა.
კალასის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინას უნდა გადასცენ რაკეტსაწინააღმდეგო რაკეტები, რომელთა შენახვის ვადა მალე იწურება.
„ივლისი და აგვისტო უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობისთვის ყველაზე საშინელი თვეები იყო. რუსეთი ესკალაციას აძლიერებს, რათა უკრაინელებს რაც შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს და მათი გატეხვა შეძლოს. უკრაინელები მტკიცედ აგრძელებენ წინააღმდეგობას და ჩვენ მათ მხარი უნდა დავუჭიროთ. მთავარი საკითხი საჰაერო თავდაცვაა“, - განაცხადა კალასმა.
მისივე თქმით, უკრაინას რაკეტსაწინააღმდეგო რაკეტები არ ჰყოფნის.
„ვიცით, რომ ზოგიერთ ქვეყანას აქვს რაკეტსაწინააღმდეგო რაკეტები, რომელთა ვადა მალე იწურება. ძალიან კარგი იქნება, თუ მათ უკრაინას გადასცემენ, რათა მან მათი გამოყენება საკუთარი მოსახლეობის დასაცავად შეძლოს“, - განაცხადა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა.
კალასის თქმით, ამავდროულად, გრძელდება მუშაობა უკრაინასთან ერთად ევროპული რაკეტსაწინააღმდეგო რაკეტების ერთობლივ წარმოებაზე.