რუსული ნავთობკომპანია "ლუკოილის" კუთვნილი ოთხი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან სამი დრონების თავდასხმების გამო გაჩერებულია. ამის შესახებ Reuters წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოში მდებარე ობიექტებზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა „ლუკოილ-ნიჟეგოროდნეფტეორგსინთეზმა“. ის რუსეთში სიდიდით მეოთხე, ხოლო ბენზინის წარმოების მოცულობით მეორე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა.
ქარხანას წელიწადში დაახლოებით 15 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება და დაახლოებით 5 მილიონი ტონა ბენზინის წარმოება შეუძლია. Reuters-ის წყაროს ინფორმაციით, მუშაობის შეჩერება დრონების თავდასხმების შედეგად რამდენიმე ტექნოლოგიური დანადგარის, საამქროებს შორის არსებული კომუნიკაციებისა და საერთო საწარმოო ობიექტების დაზიანებამ გამოიწვია. წყაროს არ დაუკონკრეტებია, რამდენი დრო დასჭირდება რემონტს და ქარხნის მუშაობის აღდგენას.
კსტოვოს ქარხნის გარდა, „ლუკოილის“ კიდევ ორმა საწარმომ - ვოლგოგრადის ქარხანამ, რომელიც 31 ივლისის ღამით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ გაჩერდა, და პერმის ქარხანამ, რომელიც 21 აგვისტოს თავდასხმის შემდეგ შეაჩერა მუშაობა - ოპერირება შეწყვიტა.
ამრიგად, ამ დროისთვის რუსეთში „ლუკოილის“ მხოლოდ ერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა -„ლუკოილ-უხტანეფტეპერერაბოტკა“ აგრძელებს მუშაობას, რომელიც კომის რესპუბლიკაში, ქალაქ უხტაშო მდებარეობს.