აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური ზეწოლა შეერთებული შტატების „ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია“, თუმცა აღნიშნა, რომ ეს „დელიკატური ცეკვაა“.
„ჩვენს ხელთ არსებული ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი არის ეკონომიკური ზეწოლა, რომლის გამოყენებაც მათზე შეგვიძლია. და ეს არის დელიკატური ცეკვა, რადგან ჩვენ მათზე ეკონომიკურ ზეწოლას ვახორციელებთ, ისინი კი შეეცდებიან, საპასუხოდ ჩვენზე მოახდინონ ეკონომიკური ზეწოლა“, - განაცხადა ვენსმა
მისი თქმით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ირანი გაცილებით უფრო დიდ ეკონომიკურ ზეწოლას განიცდის, ვიდრე შეერთებული შტატები.
ვენსმა აღიარა, რომ „ცხადია, ნავთობის ფასები გაზრდილია, რასაც ადამიანები ბენზინგასამართ სადგურებზე ხედავენ“, თუმცა მან ხაზი გაუსვა ადმინისტრაციის შესაძლებლობას, უზრუნველყოს გემების გადაადგილება ჰორმუზის სრუტეში.
„ისინი ცდილობენ სრუტის ჩაკეტვას და თუ ჩვენ შევძლებთ, არა მხოლოდ იმ მდგომარეობის აღდგენას, რომელიც მანამდე იყო, არამედ საკმარისი რაოდენობის ნავთობისა და გაზის გატანას, რათა ამერიკელებმა ბენზინგასამართ სადგურებზე გარკვეული შვება იგრძნონ და ენერგიის ფასებისგანაც გარკვეული შეღავათი მიიღონ“, - განაცხადა ვენსმა.
მისივე თქმით, ამავდროულად, ირანი ისჯება კომერციულ გემებზე თავდასხმის გამო, რაც მასზე დამატებით ეკონომიკურ ზეწოლას ახდენს და ცვლის თეირანის გათვლებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის შეთანხმებაზე შეიძლება წავიდეს.
ვენსის განცხადებით, სწორედ ეს ზეწოლა არის საუკეთესო გზა „საბოლოო მიზნის“ მისაღწევად - ირანმა ვეღარ შეძლოს საკუთარი ბირთვული შესაძლებლობების აღდგენა.
„ჩვენ ვცდილობთ ადგილზე ისეთი შეცვლილი რეალობა შევქმნათ, რომ მხოლოდ ის კი არ შეგვეძლოს დარწმუნებით ვთქვათ, რომ მათი ობიექტები განადგურებულია, არამედ ასევე დარწმუნებით ვთქვათ, რომ ისინი აღარასდროს შეეცდებიან მათ აღდგენას. სწორედ ამ ეტაპზე ვიმყოფებით ახლა“, - განაცხადა მან.