ურთიერთობების ნორმალიზება და აღდგენა სხვანაირად როგორ წარმოუდგენიათ, თუკი არ მოხდება ბიზნესთან მიმართებით ურთიერთდამოკიდებულების შეცვლა, გარკვეული პროდუქციის შეტანა, რა თქმა უნდა, საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე ოპოზიციის განცხადებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, თითქოს საწვავი რუსეთისთვის იყო განკუთვნილი, სამარცხვინო კამპანიის გაგრძელებაა
„ეს არის იმ სამარცხვინო კამპანიის გაგრძელება, რომელიც მიზნად ისახავს „ქართული ოცნების“ სამშვიდობო, შემრიგებლური პოლიტიკისთვის პრობლემების შექმნას, რაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან მიმართებით აქვს ჩვენს ხელისუფლებას, იგივე აფხაზეთთან დაკავშირებით. ურთიერთობების ნორმალიზება და აღდგენა სხვანაირად როგორ წარმოუდგენიათ, თუკი არ მოხდება ბიზნესთან მიმართებით ურთიერთდამოკიდებულების შეცვლა, იქ გარკვეული პროდუქციის შეტანა, რა თქმა უნდა, საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით. საერთოდ რაზეა საუბარი, სადღაც 3-4 ტონა ბენზინზე და სპეკულაციურად, უსირცხვილოდ საუბრობენ, თითქოს ამით რუსული სამხედრო მანქანა მარაგდება. იმდენად არაადეკვატურია ეს გამონათქვამი, თვითონ თუ სჯერათ, არ ვიცი. ცხადზე ცხადია და შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რა მიზანი აქვს ამ ყველაფერს: ეს არის ჩვენი, ქართველებისა და აფხაზების შერიგების არდაშვება, ეს არის მშვიდობიანი პოლიტიკის იგნორირება და ჩიხში შეყვანა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთში საწვავზე შექმნილი კრიზის ფონზე, საწვავი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა. დღეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეს ინფორმაცია დაადასტურა და დააკონკრეტა, რომ საწვავი არა ხელისუფლებამ, არამედ ბიზნესმა კანონის დაცვით შეიტანა.
საწვავის მიწოდების ფაქტი დაადასტურა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამაც.