უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამხედრო ხელმძღვანელობამ მას ალექსანდროვკის მიმართულებით ჩატარებული ოპერაციის შედეგები მოახსენა. ოპერაციის ფარგლებში, იანვრიდან აგვისტომდე სადესანტო-მოიერიშე ჯარების მებრძოლებმა სხვა დანაყოფებთან ერთად სამ ოლქში 26 სოფელი გაათავისუფლეს.
„ამ წლის იანვრიდან აგვისტომდე პერიოდში ჩვენი სადესანტო-მოიერიშე ჯარების და სხვა ჩართული დანაყოფების სამხედროებმა ალექსანდროვკის მიმართულებით ეფექტიანი შეტევითი ოპერაცია ჩაატარეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის ჯარების აქტიური მოქმედებების შედეგად ოკუპანტების კონტინგენტს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.
„რუსეთის დანაკარგებმა შეადგინა სულ მცირე 9 550 დაღუპული და 6 600-ზე მეტი დაჭრილი. ასევე მოხდა უკრაინის გაცვლის ფონდის შევსება“, - განაცხადა მან.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ოპერაციის განმავლობაში უკრაინამ 745 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია გაათავისუფლა. დნიპროპეტროვსკის, დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქების 26 სოფელი უკრაინის კონტროლს დაუბრუნდა.
„ეს ჩვენი შეტევითი ოპერაცია ზუსტად ისე შესრულდა, როგორც იყო დაგეგმილი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა მიხაილო დრაპატიმ, გენერალური შტაბის უფროსმა იგორ სკიბიუკმა და უკრაინის შეიარაღებული ძალების სადესანტო-მოიერიშე ჯარების მეთაურმა ოლეგ აპოსტოლმა უკრაინის პრეზიდენტს აქტიური მოქმედებების შედეგებისა და შემდგომი ნაბიჯების შესახებ ცნობები მიაწოდეს.