რუსეთმა წყნარ ოკეანეში, უკრაინიდან 7 000 კილომეტრზე მეტ დაშორებით მდებარე სამხედრო-საზღვაო ბაზაზე წყალქვეშა ნავები დამატებითი ანტიდრონული ბადეებით დაფარა.
ამის შესახებ Business Insider, 4 აგვისტოს გადაღებულ სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით იუწყება/
გამოცემის ცნობით, ამერიკული კომპანია Vantor-ის მიერ 4 აგვისტოს გადაღებულ სატელიტურ ფოტოებზე ჩანს რუსეთის კამჩატკის ნახევარკუნძულზე მდებარე ატომური წყალქვეშა ნავების ბაზა „რიბაჩიზე“ წყალქვეშა ნავები, რომლებიც ანტიდრონული ბადეებითაა გადახურული.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მაისში გადაღებულ ფოტოებზე ამ ბაზაზე მხოლოდ ორი წყალქვეშა ნავი ჩანდა, რომლებიც ბადეებით იყო გადახურული. ბაზა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების წყნარი ოკეანის ფლოტის ცენტრალური კვანძია და იქ ბალისტიკური რაკეტებით აღჭურვილი ატომური წყალქვეშა ნავები და თავდასხმითი წყალქვეშა ნავებია განთავსებული.
სამხედრო-საზღვაო ბაზა „რიბაჩი“ უკრაინიდან 7 200 კილომეტრზე მეტი მანძილითაა დაშორებული.
„კონფლიქტის ზონიდან ასე შორს ამ თავდაცვითი საშუალებების გამოჩენა მიუთითებს, რომ რუსეთი მიიჩნევს, დრონების თავდასხმების მიმართ მისი მოწყვლადობა უშუალო საბრძოლო მოქმედებების ფარგლებს მნიშვნელოვნად სცდება და, კერძოდ, საფრთხე რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტსაც ემუქრება“, - აღნიშნავს Business Insider.
გამოცემა იხსენებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, 2 000 კილომეტრზე მეტ მანძილზე, დარტყმების განხორციელების შესაძლებლობა უკვე აჩვენეს. ასევე, Business Insider 2025 წლის ივნისში ჩატარებულ ოპერაცია „ობობას ქსელს“ იხსენებს, რომლის დროსაც უკრაინამ დრონები რუსეთის ტერიტორიიდან გაუშვა და არქტიკაში, ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთშიც კი მდებარე ავიაბაზებზე მიიტანა იერიში.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო თავის სადაზვერვო ანგარიშში აღნიშნავდა, რომ წყნარ ოკეანეში წყალქვეშა ნავებზე ასეთი კონსტრუქციების გამოჩენა არის „პრევენციული ზომა უკრაინის მიერ ფრონტის ხაზიდან უფრო შორს მდებარე სამიზნეების განადგურების შესაძლებლობის გაძლიერების საპასუხოდ“.
ანტიდრონული ბადეები რუსეთის სხვა სამხედრო ბაზებზეც გამოჩნდა.
კერძოდ, კომპანია Vantor-ის მიერ ივნისში გადაღებული ფოტოები მიუთითებს, რომ რუსეთმა კრასნოდარის მხარის სამხრეთ-დასავლეთში, ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე, სულ მცირე სამი წყალქვეშა ნავის საბრძოლო კოშკურების თავზეც დაამონტაჟა ანტიდრონული დაცვა. ეს ობიექტი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ბაზას წარმოადგენს და უკრაინული დრონების სამიზნე არაერთხელ გამხდარა.