8 აგვისტოს ღამით უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთში ილსკისა და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ასევე შავ ზღვაში, თვითამწევ საბურღ პლატფორმა „სივაშზე“ განთავსებულ რუსულ ტექნიკური დაკვირვების პოსტს დაარტყეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა.
გენშტაბის ცნობით, საწარმოს წლიური საპროექტო სიმძლავრე დაახლოებით 6,6 მილიონი ტონა ნავთობია, ხოლო მისი პროდუქცია, მათ შორის, რუსეთის ჯარების მომარაგებისთვის გამოიყენება.
დარტყმა და ხანძარი ასევე დაფიქსირდა სამარის ოლქში მდებარე სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში. ქარხნის საპროექტო სიმძლავრე დაახლოებით 8,5 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავებას შეადგენს წელიწადში.
გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის ძალებმა შავ ზღვაში თვითამწევ საბურღ პლატფორმა „სივაშზე“ განთავსებულ ტექნიკური დაკვირვების პოსტს დაარტყეს. უკრაინის გენშტაბის განცხადებით, რუსეთის ჯარები ამ პლატფორმას სადამკვირვებლო საშუალებების განსათავსებლად იყენებენ.
ობიექტებისთვის მიყენებული დაზიანების ხარისხი ზუსტდება.