გია ბარამიძე რომ სამშობლოს მოღალატე არ არის და ქართველი პატრიოტია, ამას მტკიცება არ სჭირდება, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისივე თქმით, პროკურატურა გია ბარამიძის მიმართ პოლიტიკურ დევნას ახორციელებს.
„გია ბარამიძე რომ სამშობლოს მოღალატე არ არის და ქართველი პატრიოტია, ამას მტკიცება არ აჭირდება. პროკურატურა, რომ პოლიტიკურ დევნას ახორციელებს, არც ამას ჭირდება მტკიცება. ის, რომ გიას არ ჩაუდენია არანაირი დანაშაული, ჩემი აზრით, არც ამას ჭირდება მტკიცება, მაგრამ ის რაც ითქვა, თავისთავად ცხადია სინამდვილეს არ შეესაბამება. არ ვიცი საიდან მოვიდა ეს ამბავი. ჩემი აზრით, ენამ გაუსწრო აზრს და არ არის ეს კარგი, თუმცა დანაშაული და ღალატი სულ სხვა კატეგორიებია და ასე ეს არ ხდება. მით უმეტეს, გიას შემთხვევაში, რაც მისი ბიოგრაფია ვიცი, პირადად ვიცნობ და მისი პოლიტიკური ფიგურისთვის თვალი მიდევნებია, სამშობლოს ინტერესებისთვის იბრძვის. შემიძლია ვთქვა, რომ თუ რაიმეში არ მეპარება ეჭვი, მისი პატრიოტიზმია“, – განაცხადა გვარამიამ.
ბარამიძემ გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ აფხაზეთის ომზე საუბრისას თქვა, რომ ომის დასაწყისში ქართულ მხარეს ტყვეები არ აჰყავდა, რადგან მათ ხვრეტდნენ.
თავის განცხადებასთან დაკავშირებით, გიორგი ბარამიძემ მოგვიანებით მედიასთან განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ “მდგომარეობა, რომელზეც ის საუბრობს, მოგვიანებით, კერძოდ კი, მისი ჩასვლის შემდეგ შეიცვალა და “რომ არ შეცვლილიყო, ისინი ვერ შეძლებდნენ ქართველი 200 ტყვის გაცვლას სეპარატისტულ მხარესთან”.