რუსეთის სვერდლოვსკის ოლქში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა - ეკატერინბურგში Wildberries-ის საწყობს დაარტყეს
Telegram-არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია ეკატერინბურგში მდებარე Wildberries-ის საწყობზე დარტყმის შესახებ. ობიექტი ფრონტის ხაზიდან თითქმის 2 ათასი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ამასთან, რუსეთის სვერდლოვსკის ოლქის ხელისუფლებამ დრონების თავდასხმის საფრთხის შესახებ განაცხადა.
სვერდლოვსკის ოლქის გუბერნატორმა, დენის პასლერმა დილით რეგიონში დრონების საფრთხის გამო განგაშის რეჟიმი გამოაცხადა. მან გააფრთხილა, რომ შესაძლოა დაწესდეს შეზღუდვები მობილურ კავშირსა და ინტერნეტზე.
რუსული გამოცემა ASTRA-ს ცნობით, დარტყმის სამიზნე ეკატერინბურგში მდებარე Wildberries-ის ლოჯისტიკური კომპლექსი გახდა.
ხანძრის შესახებ საწყობის ტერიტორიაზე, რომელიც ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 2 ათასი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, ასევე იტყობინება უკრაინული Telegram-არხი Exilenova+. მისი ინფორმაციით, ცეცხლი Wildberries-ის საწყობის პირველ ბლოკში გაჩნდა.
კომპანია Russ & Wildberries-მა დაადასტურა, რომ მის ლოჯისტიკურ ობიექტზე თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა.
„კომპანიის ლოჯისტიკურ ობიექტზე, სვერდლოვსკის ოლქის ეკატერინბურგში, მუშაობენ სახანძრო ჯგუფები. თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა,“ - განაცხადეს კომპანიაში
მათივე ცნობით, ობიექტიდან ევაკუაცია დროულად განხორციელდა. ახალი მიწოდებების მიღება დროებით შეიზღუდა, ხოლო ტვირთები სხვა ლოჯისტიკურ ობიექტებზე გადამისამართდა.
გარდა ამისა, ASTRA-ს ინფორმაციით, მანამდე რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ ეკატერინბურგის კოლცოვოს აეროპორტში თვითმფრინავების მიღებასა და გამგზავრებაზე დროებითი შეზღუდვები დააწესა.