აგვისტოს ომის თარიღამდე ამ ნარატივის გავრცელება არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რაც შეიძლება აწყობდეს, წაქეზებული იყოს კრემლის მიერ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით, შეუძლებელია, „რომ 7 აგვისტომდე რამდენიმე დღით ადრე შემთხვევითი იყოს ოკუპირებულ საქართველოში რუსოფობიაზე წუწუნი“.
„ეს არის კიდევ ერთი მენტალური და პროპაგანდისტული, გამიზნული სპეცოპერაცია, რომელსაც ქართველ ხალხს უწყობენ. უნდა შეეგუონ, რომ ქართველ ხალხში ანტისაუოკუპაციო განწყობებს ვერ აჩლუნგებენ. 2008 წლის ომის შემდგომაც ყოველთვის იყო საუბარი რუსეთის ოკუპანტობაზე. მიხეილ სააკაშვილი პუტინის საწინააღმდეგო განცხადებების გამო მათთვის იყო ყველაზე მიუღებელი პერსონა საგარეო კუთხით და ახლა იძახიან, რუსეთთან კარგ რაღაცებს აკეთებდაო. ეს არის არაადეკვატური პროპაგანდა. კაცი ცნობილია, როგორც პუტინის წინააღმდეგ მებრძოლი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ზახაროვასა და ლავროვის მიერ ყოველდღე შექებული კობახიძე და მისი დამქაშები ამ ადამიანზე ამბობენ, რომ რუსეთთან რაღაც გააკეთაო. როცა ვსაუბრობთ 2008 წლის შემდგომ მდგომარეობაზე, ყველას ახსოვს, რა ხდებოდა. არაღიარების პოლიტიკისთვის ყველაფერს აკეთებდა საქართველოს ხელისუფლება, მთავარი ბრალდება, რაც არსებობდა და მეხუთე კოლონის წარმომადგენლები დღესაც იმავე ნარატივს ავრცელებენ, თითქოს ჩვენი ბრალი იყო ომის დაწყება. კობახიძესნაირი ადამიანები ავრცელებდნენ ამ ნარატივს. მათ გამო გვიწევდა მტკიცება, რომ ჩვენ რუსებს კი არ ვერჩით, ჩვენ რუსებთან ქსენოფობიური დამოკიდებულება კი არ გვაქვს, შარზე კი არ ვართ, არამედ შეგვიძლია, ტურისტები მივიღოთ. ეს არის ლოგიკა და ამას ვინც ვერ ხედავს, ან ბრმა არის, ან უნდა, თვალი დაიბრმავოს“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში დაწერა: „საინტერესოა, რატომ არ ჰქონდა აგენტურას დავალებული რუსოფობობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ დაევალათ ახლა, როდესაც რუსული აგრესიის მსხვერპლი სხვა, თუნდაც მეგობარი ქვეყანა გახდა?“