აშშ და ისრაელი ამ შაბათ-კვირას ირანში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ თავდასხმას გეგმავენ.
ინფორმაციას CBS News თავის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, განიხილებოდა სამხედრო ოპერაციის დასრულება ორშაბათს ფინანსური ბაზრების გახსნამდე, რადგან არსებობდა შეშფოთება, რომ დარტყმებს შესაძლოა გავლენა მოეხდინა როგორც აშშ-ის, ისე გლობალურ ეკონომიკაზე. თუმცა, ოპერაციის დასრულების საბოლოო ვადა განსაზღვრული არ ყოფილა.
CBS News-ის რამდენიმე ამერიკული წყაროს ინფორმაციით, ისრაელის მხარეს ამის შესახებ აცნობეს და ის შეერთებულ შტატებთან მოქმედებებს კოორდინაციას უწევს. წყაროებმა ასევე აღნიშნეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს დარტყმების დაწყების შესახებ საბოლოო ბრძანება ჯერ არ გაუცია.
ერთობლივი ოპერაცია ნიშნავს ისრაელის დაბრუნებას საბრძოლო მოქმედებებში, რომლებიც მან აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ზავის ფარგლებში შეაჩერა. ირანს ისრაელის წინააღმდეგ დარტყმები არ განუხორციელებია მას შემდეგ, რაც მხარეებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი დაირღვა და ივლისის დასაწყისში აშშ-ის სამხედრო მოქმედებები განახლდა.
„ისრაელმა არ იცის სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციების განახლების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე და ისრაელს არ მიუღია მოთხოვნა, შეუერთდეს ირანის წინააღმდეგ რაიმე სამხედრო მოქმედებას“, - განუცხადა ერთ-ერთმა ისრაელელმა მაღალჩინოსანმა CBS News-ს.
გამოცემის ცნობით, სამხედრო დარტყმის გეგმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კაბინეტის სხდომაზე განიხილეს, რომელიც პარასკევს კემპ-დევიდში გაიმართა.