ფრთხილად ვართ, ოპტიმიზმით ვართ განწყობილი, მაგრამ ამავე დროს ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობას მივაღწიოთ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოში აშშ-ის ელჩი იყოს დანიშნული.
„ფრთხილად ვართ, ოპტიმიზმით ვართ განწყობილი, მაგრამ ამავე დროს ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობას მივაღწიოთ. რა თქმა უნდა, ამ პროცესში თავისი როლი აქვს ელჩს, როგორც ქვეყნის წარმომადგენელს. მნიშვნელოვანია, არა მოვალეობის შემსრულებელი, არამედ საქართველოში ელჩი იყოს დანიშნული“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ელჩის მოვალეობას ემი ვ. დიაზი შეასრულებს. საქართველოს საგარეო სამინისტროს ცნობით, ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ემი ვ. დიაზთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.