პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკი განაცხადა, რომ ხუთშაბათს დილით აღმოსავლეთ პოლონეთში, მინდორში ჩამოვარდნილი ობიექტი, სავარაუდოდ, რუსული რაკეტა იყო.
უცნობმა ობიექტმა დაახლოებით 10 მეტრის სიგანის კრატერი დატოვა სოფელ ტარნავა-კოლიას მახლობლად. შემთხვევა მოხდა უკრაინის ქალაქ ლვოვზე რუსეთის თავდასხმის დროს, პოლონეთ-უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 100 კილომეტრის დაშორებით.
„ყველა გარემოება მიუთითებს, რომ ეს იყო რუსული Х-101 ტიპის ფრთოსანი რაკეტა, თუმცა გვინდა 100%-ით დავრწმუნდეთ როგორც რაკეტის ტიპში, ისე იმაში, თუ ვინ გაუშვა ის,“ - განაცხადა ტუსკმა ლუბლინში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე.
მანამდე, ხუთშაბათს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ განაცხადა, რომ რუსულმა Х-101 ტიპის ფრთოსანმა რაკეტამ „რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური დარტყმის ფარგლებში პოლონეთის ტერიტორიაზე გადაკვეთა ნატო-ს საჰაერო სივრცე“.
ტუსკის თქმით, შემთხვევის ადგილზე გამგზავრებამდე ის ევროპელ ლიდერებთან მუდმივ კონტაქტში იმყოფებოდა. მისი განცხადებით, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ის სერიოზულად განიხილება.
რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, პოლონეთის ტერიტორიაზე რამდენიმე რუსული დრონი და ერთი არაბრძოლითი დანიშნულების რუსული რაკეტა ჩავარდა.
2022 წლის ნოემბერში უკრაინის საზღვართან ახლოს ჩავარდნილმა რაკეტამ ორი პოლონელი ფერმერი იმსხვერპლა, თუმცა მაშინ მიიჩნეოდა, რომ ეს იყო უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც რუსული თავდასხმის მოგერიებისას იქნა გაშვებული.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში პოლონეთის საჰაერო სივრცესთან ახლოს დაახლოებით 20 ობიექტი დაფიქსირდა. ამჟამად ტარდება პიროტექნიკური ანალიზი, რათა დადგინდეს ტარნავა-კოლიასთან ჩამოვარდნილი ობიექტის ზუსტი იდენტობა.