უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ განაცხადა, რომ გასულ ღამეს პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული Kh-101-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა შევიდა და ნატო-ს საჰაერო სივრცე დაარღვია.
მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება დღეს გადაუდებელი აუცილებლობაა და ის მთელი ევროატლანტიკური საზოგადოების დაცვის გარანტიას წარმოადგენს.
"საერთო ჯამში, უკრაინის წინააღმდეგ მიმართული იყო 74 რაკეტა - მათ შორის ბევრი ბალისტიკური და ასობით დრონი.
ომის დამნაშავე პუტინი კვლავ აგრძელებს ომს ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ.
დნიპროს ოლქში ჩვეულებრივ საცხოვრებელ სახლზე პირდაპირი სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპნენ მშობლები და სამი ბავშვი. კიდევ ორი ბავშვი ნანგრევებიდან ამოიყვანეს
კიდევ ერთმა რაკეტამ ლვოვში საცხოვრებელი კორპუსები დააზიანა, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები. ასევე დაზიანდა ორი საბავშვო ბაღი და სკოლა. სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
სამოქალაქო მსხვერპლია კიევში, პოლტავაში, ხარკივში, მიკოლაივში, სუმში, ვინიცაში, ჩერკასში და სხვა რეგიონებში. ამ დარტყმის შედეგად ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა.
პუტინის ტერორი ნათლად აჩვენებს, რომ უკრაინისა და მთელი ევროპის ბალისტიკური დაცვის გაძლიერება გადაუდებელი ამოცანაა.
უკრაინისთვის დამატებითი საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების შესახებ ყველა გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული, ხოლო დამატებითი რაკეტების მიწოდების შესახებ ყველა შეთანხმება, რაც შეიძლება სწრაფად შესრულდეს.
რუსული რაკეტის პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა ასევე გვახსენებს, რომ ჩვენს ორ ქვეყანას შორის არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი საკითხი, ვიდრე ჩვენი საერთო, საუკუნოვანი მტრის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელიც ორივე ქვეყანას პირდაპირ საფრთხეს უქმნის. ამ სასტიკი ომის დროს ყველა სხვა უთანხმოება გვერდზე უნდა გადავდოთ. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი საერთო უსაფრთხოება უნდა იყოს.
უკრაინა ამ თავდასხმის შედეგების შესახებ ყველა პარტნიორსა და საერთაშორისო ორგანიზაციას აცნობებს.
ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოების მკაცრი რეაგირებისკენ, უკრაინის მხარდაჭერის გაზრდისა და აგრესორზე ზეწოლის გაძლიერებისკენ. პუტინისთვის ამ ომის გაგრძელების ფასი გაცილებით მაღალი უნდა იყოს, ვიდრე მისი დასრულების ფასი", - წერს სიბიჰა.