აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი პირველად დათანხმდნენ კიევში ვიზიტს, რომელიც უკრაინაში ომის დასრულებისკენ მიმართული ძალისხმევის ნაწილია.
ამის შესახებ გამოცემა Financial Times ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, უიტკოფისა და კუშნერის თანხმობა ვაშინგტონში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
Financial Times აღნიშნავს, რომ მიმდინარე მოლაპარაკებები მკვეთრად განსხვავდება იმ დაძაბული ურთიერთობებისგან, რომლებიც ადრე ვაშინგტონსა და კიევს შორის არსებობდა. გამოცემის ინფორმაციით, ზელენსკი კერძო საუბრებში აღნიშნავს, რომ მრავალი თვის განმავლობაში მრჩევლების დონეზე მიმდინარე პირდაპირი კონტაქტები დაეხმარა ტრამპს ომისა და უკრაინის პერსპექტივების მიმართ დამოკიდებულების შეცვლაში.
Financial Times-ის შეფასებით, ტრამპი უფრო კრიტიკულად უყურებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეურიგებელ პოზიციას და უფრო დადებითად აფასებს უკრაინის სამხედრო წარმატებებს. თუმცა, მისი მხარდამჭერების ნაწილი, რომლებიც „America First“ („ამერიკა უპირველეს ყოვლისა“) მოძრაობას ეკუთვნიან, კვლავ სკეპტიკურადაა განწყობილი კიევის გრძელვადიანი მხარდაჭერის მიმართ.