Reuters-ის ცნობით, პენტაგონში აღიარებენ, რომ ამჟამად შეერთებული შტატები დრონების წარმოების მასშტაბებით უკრაინას მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
გამოცემის ცნობით, პენტაგონის წარმომადგენელმა, რომელსაც ქვეყანაში დრონების წარმოების განვითარების მიმართულება აქვს ჩაბარებული, განაცხადა, რომ აშშ ჯერ კიდევ ამ ძალისხმევის „ყველაზე ადრეულ და რთულ ეტაპზეა“. მისი თქმით, ამერიკული წარმოების მოცულობა კვლავ უკრაინის წარმოების მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენს, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ამკაცრებს მოთხოვნებს და ცდილობს, სამხედრო დრონები ამერიკული წარმოების კომპონენტებით დამზადდეს.
თავდაცვის ინოვაციების დანაყოფის დირექტორის მოადგილემ და ოპერაციულმა ხელმძღვანელმა, ტრევის მეტცმა, რომელიც გასული შემოდგომიდან პენტაგონის პროგრამა Drone Dominance-ს ხელმძღვანელობს, Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მიმდინარე წელს უკრაინა 6-7 მილიონ მცირე FPV-საბრძოლო დრონს გამოუშვებს, ანუ დაახლოებით 500 ათასს თვეში.
Reuters შედარებისთვის აღნიშნავს , რომ პენტაგონის 1,1 მილიარდი დოლარის ღირებულების პროგრამის ფარგლებში თებერვლისთვის სულ 200 ათასზე ოდნავ ნაკლები დრონის შეკვეთაა დაგეგმილი.
ამასთან, Reuters წერს, რომ პენტაგონმა დრონების წარმოების სწრაფი გაფართოება გაართულა იმ მოთხოვნით, რომლის მიხედვითაც სამხედრო დრონები ამერიკული კომპონენტებით უნდა დამზადდეს.
23 ივლისს გამოქვეყნებულ განახლებულ მიწოდების ჯაჭვის კონცეფციაში პენტაგონმა დაამატა, რომ მთავრობის საბოლოო მიზანია მცირე უპილოტო საფრენი აპარატების „სრულად ადგილობრივი“ წარმოების ჯაჭვის შექმნა.
ცნობისათვის, უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს განზრახვების შესახებ განცხადებას, რომელიც საფუძველს უყრის უპრეცედენტო თავდაცვის პარტნიორობას და უკრაინულ უპილოტო აპარატებს საშუალებას აძლევს, აშშ-ში სამხედრო გამოცდებისთვის წარადგინონ.
შეგახსენებთ, ჯერ კიდევ მაისში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ისა და უკრაინის მთავრობებმა მოამზადეს მემორანდუმის პროექტი, რომელშიც ქვეყნებს შორის შესაძლო ახალი თავდაცვითი შეთანხმების პირობებია გაწერილი. შეთანხმება, კერძოდ, უპილოტო საფრენი აპარატების სფეროს შეეხება.
8 ივლისს, ნატო-ს სამიტის დროს, რომელიც ანკარაში გაიმართა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინისგან დრონებს შეიძენს.