ფაქტია, უჩვეულო მოვლენა იყო, როდესაც მიყოლებით მოხდა მთლიანად სისტემის გათიშვა, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველა დეტალი გაირკვეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო სუს-ის მიერ საბოტაჟის მუხლით გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით.
როგორც პაპუაშილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, დადგინდეს, არის თუ არა საბოტაჟის ხასიათის ქმედება.
„მნიშვნელოვანია, გამოკვლეული და გამოძიებული იყოს, რასთან გვქონდა საქმე. ფაქტია, ეს იყო უჩვეულო მოვლენა, როდესაც მიყოლებით მოხდა მთლიანად სისტემის გათიშვა. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველა დეტალი გაირკვეს. არ მინდა, წინ გავუსწრო, ვნახოთ, რა იქნება შედეგი ამ გამოძიების. მნიშვნელოვანია, დადგინდეს ყველა დეტალი, თუ არის ადამიანური ფაქტორი, ვინმეს ჩარევა, საბოტაჟის ხასიათის ქმედება, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გამოვლენილი. ვნახოთ, რასთან გვექნება საქმე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.