რუსეთის რამდენიმე ქალაქზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა. როსტოვში ძლიერი ხანძარი გაჩნდა, ხოლო სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში, გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო ყაზარმა იწვის.
ASTRA-სა და Exilenova+-ის ცნობით, 25 ივლისის ღამით ენგელსში სარაკეტო საფრთხე და დრონების თავდასხმის განგაში გამოცხადდა.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ხანძარი ენგელს-1-ის რაიონში გაჩნდა, სადაც, სავარაუდოდ, სამხედრო ნაწილი მდებარეობს.
ვრცელდება ცნობებიც, რომ ხანძრის კერასთან ახლოს სამხედრო აეროდრომ „ენგელს-2“-ის ობიექტებია განთავსებული.
თვითმხილველები სოციალურ ქსელებში ძლიერი ხანძრისა და კვამლის ამსახველ კადრებს ავრცელებენ.
ამასთან, დარტყმების შემდეგ ხანძარი და ძლიერი დაკვამლიანება დაფიქსირდა როსტოვშიც.
თავდასხმის სამიზნე გახდა დროებით ოკუპირებული ლუჰანსკიც.
ადგილობრივი ინფორმაციით, ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა. თავდასხმის ადგილზე ხანძარი გაჩნდა.