ვახო სანაიას 14-დღიანი პატიმრობა ფეისბუქ-პოსტის გამო არის დისტოპია, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს მართლმსაჯულების პრინციპებთან - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საიას თავმჯდომარე, თამარ ონიანი წერს.
"ვახო სანაიას 14-დღიანი პატიმრობა ფეისბუქ-პოსტის გამო არის დისტოპია, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს მართლმსაჯულების პრინციპებთან. ეს არის დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯა, განხორციელებული იმ კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც პერსონიფიცირებული მიზნით იქნა მიღებული კრიტიკული ხმების ჩასახშობად და გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად.
შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასამართლო ასეთი გადაწყვეტილებებით რეალურად რეპრესიული პოლიტიკის აღმასრულებლები არიან.
ეს აქტები მიღებულ იქნა არა საზოგადოებრივი ინტერესების დასაცავად, არამედ კონკრეტული პოლიტიკური რეპრესიული მიზნების განსახორციელებლად.
მაინც, თუ ვინმეს კიდევ აინტერესებს, ფორმალური სამართლის მიღმა, რა შეუძლიათ სასამართლოებს, დავწერ:
სინამდვილეში, სასამართლო პრაქტიკის კონვენციური კონტროლი წარმოადგენს არა მხოლოდ საერთაშორისო ინსტანციების, არამედ ეროვნული სასამართლოების ფუნქციურ ვალდებულებასაც. ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა უზრუნველყონ პრაქტიკის კონვენციასთან შესაბამისობა. ამიტომაც, “კანონია ასეთი” ვერ ამართლებს ვერაფერს.
ვერანაირი სამართლებრივი, მორალური თუ პოლიტიკური არგუმენტი ვერ გაამართლებს ჟურნალისტის 14-დღიან პატიმრობას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო", - წერს თამარ ონიანი.