აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ხელი მოაწერეს „აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ორმხრივი პარტნიორობის სტრატეგიული დღის წესრიგის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას“. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იწუყება.
მედიის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში ასევე გაფორმდა „აზერბაიჯან-გერმანიის ბიზნესსაბჭოს შექმნისა და საქმიანობის შესახებ ერთობლივი დეკლარაცია“. ლიდერების შეხვედრა ბერლინში გაიმართა.
„მოხარული ვარ, რომ გერმანიასა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება“, - განაცხადა მერცმა ალიევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანი მზად არის გერმანიისთვის გაზის მიწოდება გაზარდოს.
„რუსეთს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მუშაობის შეჩერების გამო ტრადიციული კლიენტებისთვის ნავთობპროდუქტის იმ რაოდენობით მიწოდება აღარ შეუძლია, რამდენიც მას სურს. მჯერა, რომ „მწვანე დღის წესრიგის“ გათვალისწინებით, შესაძლოა ეს საკითხები გადაიხედოს“, - აღნიშნა ალიევმა.