უნდა დაველოდოთ გერმანიასთან ურთიერთობების ნამდვილ აღდგენას, ოცნების“ პირობებში ამის წინაპირობა არ არსებობს, რადგან ეს ადამიანები მუდმივად აზიანებენ ჩვენს საგარეო ურთიერთობებს, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.
ტატა ხვედელიანს კითხვა დაუსვეს, რამდენად პოზიტიური გზავნილია, რომ გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდიდან წაიშალა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად, ილია დარჩიაშვილი კი საგარეო საქმეთა მინისტრად იყო მითითებული?
ხვედელიანის თქმით, ურთიერთობების ნამდვილ აღდგენას უნდა დაველოდოთ.
„დღესდღეობით ჩვენს ქვეყანას რომ საგარეო ვექტორი საერთოდ არ აქვს, კომპეტენციის ნაკლებობაა სამთავრობო გუნდში, ეს არის „ოცნების“ დამსახურება. „ოცნების“ დამსახურებაა, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ არსებობს უამრავი პასუხგაუცემელი შეკითხვა, მწვავე შეფასებები. მათ კრიტიკულ შეკითხვებზე არ სურთ პასუხების გაცემა, არ სურთ პასუხისმგებლობის აღება იმ ყველაფერზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება.
ახლა ვსდიოთ რაღაც ვებგვერდებს, დაიდო თუ არა იქ ინფორმაცია და შემდეგ ურთიერთობების აღდგენად გავასაღოთ – რა თქმა უნდა, ეს „ოცნებისთვის“ სასარგებლო მოცემულობაა, თუმცა ჩვენ ამას ურთიერთობების აღდგენად ვერ გავასაღებთ. „ოცნება“ ფიქრობს ერთს, აკეთებს მეორეს და მისი გაკეთებული შემდეგში აზიანებს ეროვნულ ინტერესებს. აქედან გამომდინარე, უნდა დაველოდოთ ურთიერთობების ნამდვილ აღდგენას. „ოცნების“ პირობებში ამის წინაპირობა არ არსებობს, რადგან ეს ადამიანები მუდმივად აზიანებენ ჩვენს საგარეო ურთიერთობებს“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.