რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა განაცხადა, რომ გასულ ღამეს რუმინეთის სანაპიროსთან ახლოს თავდასხმა მოხდა ტანკერზე, რომელსაც პროპანი გადაჰქონდა.
ამის შესახებ დანმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
რუმინეთის პრეზიდენტის თქმით, გემი Gas Lisbon-ი ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიის პორტიდან გამოვიდა და უკრაინის პორტ რენისკენ მიემართებოდა.
მისი ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდა რუმინეთის საზღვაო სამაშველო სააგენტოს ორი ხომალდი, რომლებმაც ეკიპაჟის ყველა წევრი, მათ შორის სამი დაშავებული მეზღვაური, ევაკუაცია ჩაუტარეს. ყველა მათგანი უსაფრთხოდ გადაიყვანეს ნაპირზე.
გარდა ამისა, შემთხვევის რაიონში გაგზავნილი ბუქსირი აკონტროლებს, რომ დაზიანებული გემი დინებას არ გაჰყვეს და ნაოსნობისთვის დამატებითი საფრთხე არ შექმნას, აღნიშნა რუმინეთის პრეზიდენტმა.
„სახელმწიფო უწყებები სრულ მზადყოფნაში არიან და დაადგენენ ამ მძიმე ინციდენტის გარემოებებს, მიზეზებსა და პასუხისმგებლობას. დიდი ალბათობით, ეს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული უკანონო აგრესიული ომის ნაწილია“, - განაცხადა ნიკუშორ დანმა.
რუმინული მედიის ცნობით, ტანკერი პროპანით იყო დატვირთული. ბორტზე აფეთქება მოხდა.
გემი ქალაქ სფანტუ-გეორგეს სანაპიროდან 26 კილომეტრის დაშორებით იმყოფება.
წყაროების ცნობით, სავარაუდოდ, ტანკერზე საზღვაო დრონით განხორციელდა თავდასხმა. თუმცა, ამ დროისთვის უცნობია, ვის ეკუთვნოდა დრონი.
ამჟამად ტანკერს კვლავ ცეცხლი უკიდია. ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აღნიშნულ რაიონში მყოფ ყველა გემს გაფრთხილება გაეგზავნა, რათა საფრთხის ზონას არ მიუახლოვდნენ.